... (H-925), XVIII ს.

157. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის თუ: “დასთმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა. მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა

158. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ავისად შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

159. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა

160. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

161. მას მიხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არად სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

162. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღა ამად სულთქვამს არა იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს კვლავ ამისთვის გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცულის თავსა ახლად ვერვინ იშობს

163. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა რჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორიცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

164. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს კადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

165. უანბოს ჩემი სიკუდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი სხვაგან მე სადმე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

166. იტყვის ღ~თო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აჰფხურენ ჭირნი დაუბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ

167. კვლაცა იტყუის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არსაქმნელი არ იქმნების

168. თავს უთხრა მოკვე გიჯობს სიცოცხლე აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის მზისა ანბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებდეს წამწამ მიყვების ტყის პირსა შამბნარწყლიანსა

169. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

170. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

171. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

172. თუცა მხეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავუგრძესითა შამბისა პირსა გარდაჴდა ცეცხლი დააგზო კვესითა

173. ცხენსა მისცა საძოვარი ვირემ მწვადი შეიწოდეს ექვსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოვიდოდეს თქუა თუ ჰგუანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი კვლავ ყოფილა არაოდეს

174. ხელთა ჰქონდა ისარ მშვილდი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭიროდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

175. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამგზავსენ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსენ ვერა გვარგო მოგვიტკივნე ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ სატირელნი მოგუიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხასენ

176. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხექალაქი ხატაეთს არემარეთა