... (H-925), XVIII ს.

99. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მის წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

100. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერთგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

101. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა

102. გაცრცულისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

103. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირსა პირისპირ უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

104. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკურნების

105. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვად არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად გიკვირს მოგხუდა წამის ყოფად საქმე შენგან დასაჭვი რად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

106. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცი დაგეჴოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახო ცა

107. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთათ ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

108. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი არვინა გუყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წა და იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

109. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

110. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფურჭუნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი

111. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მამხვდეს ხორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

112. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავე წა მე

113. კვლაცა ჰკადრა აჰა მზეო რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქუჱნგან მოვისმინე წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭკნების შუქი შენი იეფადა

114. კვლავ შეჰფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭუირი

115. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასად აგეს ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა სად აგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

116. ყმა წავიდა სიშორესა თუმცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად იყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

117. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭურეტა რა მომხუდეს კვლა უგრძესადრე ხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე

118. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და ეკეცების რა მილულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეჰკრთის დიდი დაიზახნის მით პატიჟი ეოცების