... (H-925), XVIII ს.

60. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწვეცა დაგვხოცთ ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეჴმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით

61. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დაცდომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქუჱნი მრავალი მიწითა დასვრილი გაგუიხოცია

62. მეფესა ესე ამბავი უჩნს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

63. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უდგს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ხეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხის ტყაოსნისა

64. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლთათ ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

65. მას ტანსა კაბა ემოსა გარეთმა ვეფჴის ტყავისა ვეფხვის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭედი მათრაჴი ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახუა მოუნდა უცხოსა სანახავისა

66. მოვიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა არ მჭურეტთა მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია [გიშრისა] ღარი სად ახლოს მივიდა მოსცილდა სიტყვისა თქმად აღარისად

67. ვერა ჰკადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუმცდარად

68. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ძახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გაზდის ვითა ნაგუბარი

69. სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლავ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩნა ბაგეთა თავი ვარდისა კონამან

70. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვისმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

71. მეფე გაკვირდა გაცაწყრა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

72. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულმდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვა მეო სხვად არას მოუბარია

73. თვალთა ხელი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ხმალ კაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარეს გაემართა მათი ჭირი არ განჰკურნა

74. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან იგინი გლახ დაჴოცნა თავსა ხელაუპყრობელად ჰკრნა ერთმანერთსა დახოცნა მტერთაცა საწყალობელად ზოგსა გადაკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად

75. მეფე გაწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭურიტა არცა ნახნა რაზომიცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა

76. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუთქს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისულა მეფისა მისად უკანა მდეველად

77. რა სცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა

78. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალწმიდად წახდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკვდართა ტიროდეს სწრაფლ აქვით წყლულთა ხევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა