... (H-925), XVIII ს.

119. მოშორვება საყვარლისა მას შექნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

120. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა კადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ანბავი ცნან რაცა გარემონია

121. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილქმნილთა გავახარო ურჩი ყუელა ავატირო ძღვენნი გკადრნე ზედაზედა არ სალამი დავაძვირო

122. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადლიერობა ებრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა აწ მაგრა მამხვდეს რაღა ვქმნა თუ სიშორისა გრძელობა

123. ყმა შევიდა თაყვანისსცა მადლი რამე მოახსენა ხელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქუენა აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღ~ნ ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლავ მიჩვენა

124. მეფე ხელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ბილი

125. გამოემართა ავთანდილ მოყმე მჴნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამეცა დღე ზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდება თინათინ მისი მას ვისგან სწვავს ალი

126. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

127. ქალაქი ქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

128. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავდადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

129. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გიცნიან გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან

130. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე მაშინღა სრულვქმნა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენოდ მამხვდეს ხისაცა რგულისა» მამცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

131. პირველ ყმა ვარ წასულა მინდა პატრონისა სამსახურად ხამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გუმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს მიუხდეს მამაცურად

132. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონყმათასა ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა ყმათასა ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა

133. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ნაპირობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა ცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნიდი აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

134. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქა სამ წელ მომიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე

135. მაშინღა კადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთვრალია მიხვდათქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიე საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და თვალია

136. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მჴედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდენ ზედაზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ გული შენი მოიმდედრე

137. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

138. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბრძანე რა გვარა ვქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გაგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე