... (H-925), XVIII ს.

79. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღულება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუძს განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება

80. ესე თქვა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა არცა ჰკრაღა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია ზოგი ღმერთო უზრახვიდა

81. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდევ არვინ შეყვა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

82. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ უძილობა მან მოახსენა დაღრეჯით ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

83. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესლვა არს ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყოთქო აქა ერთისა წამითა

84. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე კადრებს მოვიდა აწყაღა ფერნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო

85. უბრძანა თუ წადი უჴმე უმისობა ვით გავსძლეო მოახსენე რად დაბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინთა რად დავლეო

86. თინათინ ადგა მივიდა მიყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცებს ნებანებასა უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყვანებასა

87. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამჴობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

88. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია ამა ქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

89. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდით ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

90. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შეუზახენ სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა ჯერცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცნა

91. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდეს რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ ვეღარამან გამახარნეს

92. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

93. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქუჱნი საზღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

94. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწუდეთ ვერ მიხვიდეთა

95. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კულა და კულა დია ვერცა თუ ნახეს ნახული ღთისაგან დანაბადია ცუდად მაშურალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

96. მონათა კადრეს მეფეო ჩვენ ჴმელნი მოვიარენით მაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რა მოიგვარენით

97. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე ვინმე ეშმაკისა სიცრუდე და სიბილწეო ჩემდა მტერად წამოსრული გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო

98. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი უხმეს ჰპოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მგზავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა