... (H-925), XVIII ს.

296. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ მგზავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა მართ ვითა სილისა არა გაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა

297. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიჴდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი მგზავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

298. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა გვანდა აწ მედების ვისგან ალი

299. ქება არ ითქუმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

300. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე გვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

301. ყმა დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი მოაპკურა თქვა ისმენდი მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა

302. მას ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ხმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მგზავსი მზისაგან შვენებით არშეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წდობილი

303. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესვლა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა

304. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა კუბო დგა იაგუნდისა თუალისა პირსაა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა

305. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი

306. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედევდით შეიქმნა პირითა მინავარდითა ასმათ და ორნი მონანი ყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდა ტანითა გაბაონს განაზარდითა

307. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყავ მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა

308. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ ბალახჩეულმან

309. მამა მომიკვდა მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

310. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთროგაცუდებული დღისით და ღამით ვვაებდი ვერვისგან სულდაღებული გაყვანად ხასნი მოვიდნენ მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

311. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირბალობა ქნა მისვე საურავისა

312. ავენთი დამწვეს მამისა საჴმილთა დაუშრტელთა უკანით გამომიყვანეს ხასთა მას წინამდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მომეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა შობელთა

313. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივმცემდეს ძისა დარად მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დავმორჩილდი თაყვანივეც ამირბარად

314. აღარა ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია გიანბო ჩემი ამბავი განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია მისთა ნაკვეთთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომე გამიჯნურდა