ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

146. “რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მომკლავს, ანუ მოვკლავ”... და იმალვის მეტის-მეტად.

147. დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი. კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი. წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი. ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

148. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და ტყენია ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა, – იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

149. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად, ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

150. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა! ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ჴმასა, ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

151. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰჴადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჴდა გამოსრულობა.

*

152. ავთანდილს უკვირს,–ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!– გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა, შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

153. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა: ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, – “ნუ თუ მზეაო, თქვა,ცისა?”– ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა,– ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

154. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა. – ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით, – ხესა მოეფარა, თქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა!–

155. ჩამოვიდა, ცხენი აჴსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა ჴარ-განხმული მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასჴმული, ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

156. ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა. ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

157. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მიდამო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა! ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

158. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,– მისი რამ მითხარ, – ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი”.

159. ქალი ეტყოდა ტირილით, – სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეჴსენ შმაგი ხარ, მოდი ცნობასა! აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა! ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა!”

160. კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა, პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

161. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?! რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო! გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!”

162. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი! კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი. –

163. “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამჴსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია. ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია!– ვერ გიცნობ ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია!”

164. ყმამან თქვა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”. – გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!”