ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

127. ჴელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მიფარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

128. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ?– მეკობრეთა დაგამსგავსენ!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.

129. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,– დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

130. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით. გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავჴედით; სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვჴოცეთ მჴეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

131. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით: “მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო", – სიტყვანი ვავაქილენით. ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

132. “დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა: თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა-თავითა, თვით-დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა

133. “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, – მით არას მოაზრენია! მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავჴოცეთ მჴეცი, მფრინველი, რაცა ზე-გარდაგვფრენია.

134. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია ზედან ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია! თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა-ვეფხის- ტყავია. – ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია!

135. “ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით. ვთქვით თუ: “მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით–ცად– ენით;" მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

136. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით. ჩემმა შემდეგმან ტაიჭი მისი ვით აქო ჴსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, – ვუალეთ ვენებით, მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

137. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენნი მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრაჴითა შეგვამწიფნა.

138. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დგვეზიდენით ჴელი მოჰკიდა, – “დადეგო!"– ესეცა ჰკადრა კიდ ენით. მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით. – თავსა გარდაჰკრა მათრაჴი, ვნახეთ სისხლისა კი დენით!

139. “მით ერთითა მათრაჴითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,– ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა, ვითა მიწა დაამიწა!– მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა -!–

140. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”– შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად. –

141. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა, რათგან ცუდად არ წაუჴდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიჰხვდეს საწადელი, – რას ეძებდეს, უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა.

142. უთხრა თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

143. “ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!”– უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.

144. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზით ა, ან მთვარე, – მზისა შემყრელი, მზე სინათლით ა ზეზითა. – დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა!–

*

145. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ჴამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.