ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

258. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უმცნევია”.

259. წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა! მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები! მაგრა ბნედა ცუდი მძულსა!– აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”. –

260. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია. –

261. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

262. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე, მზემან მეტი რა-ღა გიყოს, – აჰა, ბნელი გაგითენე”.

263. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია!– მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!– სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”–

264. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

265. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, – ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს. – დაცამვედრა, – ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

266. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

267. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ჴელის შესაბამითა”.

268. “ქალი ადგა, წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს შევე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

*

269. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

270. “ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

271. “კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები,– მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მჴეცთაცა მოვეწყინები!–

272. “პირველ, – გაჭრისა პირება, მერმე, – დაწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი”.

*

273. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

274. “მონააო ასმათისი”, – საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა, – “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წავე, მონა წავიტანე, – რამცა ვუთხარ ამისთანა!

275. “ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა-მომეგება მხიარული, მოცინარი მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.