ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

მიძღვნა

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი­ფერითა,– მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის­მიერითა.

2. მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამას მცდარი:– ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი, ანუ მომცის განკურნება, ანუ მიწა მესამარი!–

3. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ჴელით ხელს საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები, ჩემსა ხელ­მქმნელსა შევმართო, ლაღსა მას,კვლაც აზმანები?–

4. ჴამს მელექსე ნაჭირვებსა თვისსა ცუდად არ აბრკმობდეს! ერთი უჩნდეს სამიჯნუროდ, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

5. ჩემი აწ ცანით ყოველმან, – მას ვაქებ, ვინცა მიქია! ესე მიჩნს მისად სახელად, არ თუ­რე გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია ვისი სახელი შეფარვით ქვემორვე მითქვამს, იქია.

I კარი პირველი. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა,თინათინ მეფის ასულისა და ავთანდილ სპასპეტისა თინათინის გამეფება. – როსტევან მეფის დაღრეჯილობა ნადიმზედ, – მას ღირსეული მემკვიდრე ვაჟი არ რჩება! – მეფის და ავთანდილის ნაძლევი და ნადირობა. ნახვა ვეფხის– ტყავოსნისა და და მისი შეპყრობისა. უკვალოდ წარჴდომა ვეფხის–ტყავოსნისა, ძებნა და ვერ-პოვნა მისი. – თინათინის მიერ მისი მიჯნურის ავთანდილის გაგზავნა პოვნად ვეფხის-ტყავოსნისა და ავთანდილის წასვლა.

6. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

7. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული!– ბრძენი ჴამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

8. მისი სახელი თინათინ, - არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო,- მზე მისგან საწუნარია,- მეფემან იჴმნა ვაზირნი,- თვით ზის ლაღი და წყნარია,- გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამოდ საუბნარია.

9. უბრძანა: “გკითხავთ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გააჴმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. მზე ჩაგვისვენდა, – ბნელსა ვსჭვრეტთ ღამეს არ უთენაროსა. –

10. “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, – სოფელი ასრე მქმნელია. – რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია!– ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

11. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა! ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა,– მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა!–

12. “მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია! თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია. – ჴმდა განაღამცა სათქმელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია: სჯობს და - მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია”.

13. “თუცა ქალია, ჴელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. – ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”–

14. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა. – მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.

15. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად. რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერნაკლულად ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გაჴდის უფრო წყლულად. – საბრალოა, – სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად.

16. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა. თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუ თუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!”

17. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა,– ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა. – მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!”

18. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დაჰსვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ჴელითა, მისცა სგიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. – ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.