ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

56. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა არცა-ღა ჰკრა ასპარეზსა, ვა-მი-ვა-მ-სა მოურთვიდა. – ყველაკაი დაიშალა, სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა. – ზოგთა თქვეს თუ: “მართალია”, ზოგი “ღმერთო!” უზრახვიდა.

*

57. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა!– მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” მან მოაჴსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.

58. “ერთაი ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა,– უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით ა”. თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით ა, მიკითხოს, ჰკადრე, – იყოო აქა ერთითა წამითა”.

59. ხანი გამოჴდა,მეფეან ბრძანა: “რასა იქმს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწაღა ფერ-ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

60. უბრძანა თუ: “წადი, უჴმე, უმისობა ვით გავძლეო! მოაჴსენე, – რად დაბრუნდი, შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო”.

61. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,– უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა!– მამამან გვერდცა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა. უბრძანა: “მახლავ რად არა? მელი მე მოყვანებასა?”

62. ქალმან ჰკადრა: “ჴელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამჴობდესაა!– კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

63. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია. – ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულ-თქმა და ახია.

64. “უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე. ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

65. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიჴოცნა შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი – სრულად დამიჴოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა! ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა!

66. “ტკბილნი ღმრთისა წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს! დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს! ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს! სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

67. ქალმან ჰვადრა: “მოგაჴსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა, რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

68. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი! გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

69. მოახსნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა, უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა, მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა! მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა!”

70. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მოჰნახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,– ვერცა თუ ნახეს მნახველი ღმრთისაგან დანაბადია! ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, – მათსავე გულსა ზადია...

*

71. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. – შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი მოაჴსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

72. ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის შეყრა ვარდისა, ბარ ერთგან შეუყრელისა. – ამაოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

73. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან ჰრცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა. – იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად ჰშვენოდა, მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.