ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

276. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

277. “დიდ-ხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უხმო, მოიუბნეს ქალი მოდგა, მითხრა ყურსა “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, – მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

278. “ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, – ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

279. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

280. “მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა! ზენარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ-დანამალსა”.

281. “შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა”.

*

282. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, – მათგან მოსლვისა დრონია!– სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ჴელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

283. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეჴმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა! ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა!”

284. “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია: იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენნ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე-კაპანია.

285. “ფიცხლა მოვიდეს, არ ეჰქმნა მათ შინა ხან-დაზმულობა აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

286. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა, და! ვითა!”

287. “შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცჴელი ცრემლი გარდმომჩქებდა,- “ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იჴელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

288. მონა შემოდგა, – მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, – საქმესა ბედით-ვებულსა”.

289. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

290. “შემავლო სახლი. ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

291. “შეველ, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, – მზისა შუქსა სჯობდა მეტად,!– ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

292. “უბრძანა თუ: “მოაჴსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა. – მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!–

293. “მიბრძანა: “ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

294. “თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა. – მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა!– ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.