ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

111. “თქვენცა იცით, – გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი. ბუკსა იკრას, – აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი. – მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

*

112. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა – “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა. მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

113. ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა. მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა. – მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ ა.

*

114. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი აფერ-მკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,– ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენ-მალეს.

115. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

116. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,– უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა! განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!”– იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი-სცა.

II. კარი. ავთანდილის მიერ ძებნა და ნახვა ვეფხის–ტყავოსნისა ავთანდილის სიარული ძებნად ვეფხის–ტყავოსნისა. – ვეფხის-ტყავოსნის ხილვა ხატაელ ძმათა ჩვენებით. – მისლვა ავთანდილისა ვეფხისტყავოსნის ბინად, შეპყრობა მის მიერ ქალის ასმათისა და ცდა ვეფხის-ტყავოსნისამბის მისგან შეტყობისა. – შეყრა ავთანდილისა და ვეფხის-ტყავოსნისა, – ინდოეთის ამირბარისა ტარიელისა.

117. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახვმით გარდაიარა. დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა. – მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა! თქვა თუ : “მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა!”–

118. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად?! შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

119. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცისა ქვეშე არ დაურჩა, არე არა, მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა!– ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

120. მას მიჰხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა. გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ჴიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

121. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. თქვა: “თუ დავბრუნდე, – ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, – ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვსცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?!”

122. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიხჰვდენ ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი,”

123. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული მათ შექმნან გლოვა, ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,– მერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული?!” ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული. –

124. მობრუნება დააპირა, სულ-თქნა, მერმე ივაგლახა. მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა. – თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა. – მჴეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

*

125. თუცა მჴეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა. – ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის-მკლავ-უგრძეს-ითა, შამბისა პირსა გარდაჴდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

126. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს. ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს თქვა თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ჴორციელი კვლა ყოფილა არაოდეს!