ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

74. გარ-ცმული ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი; მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უჴშირონი.

75. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა. – ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა. პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

76. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად, მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

77. “გაჴსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცი დაგეჴოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეჴოცა?– მასუკანით გონებამან მისმან ასრე დამამჴოცა,– შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლაჴო-ცა!

78. “აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია. ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია, შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

79. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ, – ყმა ხარ, ჴორციელი არვინა გვყავს შენად სწორად, მერმე , – ჩემი მიჯნური ხარ, – დასტურია, – არ ნაჭორად წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

80. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამჴსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე. გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე, მერმე მოდი, ლომო, მზესა, – შეგეყრები, შემეყარე.

81. “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოო, – მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოვო, – დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი, კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

82. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,– მზეცა მომხვდეს ჴორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,– სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი!– შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა მასაქმარი”–

83. კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ჴშირი, გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,– თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი...

84. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა. უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა. ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა. გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

85. საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების, შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების. –

86. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა, ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ. – რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

*

87. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, – მართ მისგან შენარონია,– შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,– აწ, თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია”.

88. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო, მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, ძღვენნი გკადრნე ზედა–ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

89. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,– ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუჴდელობა, აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა, წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

90. ყმა შევიდა, თაყვანი სცა, მადლი რამე მოაჴსენა: “ჴელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა!– აწ ნუთუცა კვლა ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა, პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!...”

*

91. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი, ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წართო მრავალი. – იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,– არ მისცილდება თინათინ მისი მას, – ვისგან სწვავ ალი.