ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

37. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს. – მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს. – ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს. – ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს. –

38. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი. მას პატრონ-ყმანი გაუჴდეს, – ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!– აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

39. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს; მიჰჴსოცდეს და მიესროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს. რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს. მჴეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

40. იგი მინდორი დალივეს, – მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა ტყენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია, იგი მაშვრალნი გარდაჴდეს,–მოსწყდეს, რაზომცა მჴნენია...

*

41. ნახეს, – უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა! შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა-და-ვითა-გმირსა. ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

42. მას ტანსა კაბად ემოსა, გარე-თმა ვეფხის-ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე ეყო სარქმელი თავისა, ჴელთა ნაჭედი მათრაჴი ჰქონდა უსხოსი მკლავისა. – ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

43. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად. მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად. – ახლოს მივიდა, – მოსცალდა სიტყვისა თქმად-აღარი სად. –

44. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა მოაჴსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა. –

45. სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა-წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთჴელ კვლა ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა-რა გაიგონა მან, არცა გაჴლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

46. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე-შემობრუნდა,– როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტნა, გული მეტად შემიძრწუნდა. ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და”.

47. მეფე გაკვირდა, გაცაწყრა, – გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე,– უბრძანა: “ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე, მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე!”.

48. მონანი მიდგეს, მივიდეს, გაჴდა აბჯრისა ჩხარია. მაშინ-ღა შეკრთა იგი ყმა, – ტირს მეტად გულ-მდუღარია. – თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია. ერთჴელ ესე თქვა: “ვა-მეო!” სხვად არას მოუბარია.

49. თვალთა ჴელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ჴრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა! სხვასა მჴარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნნა!

50. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან, გლახ, იგინი დაჴადნა მტერთაცა საწყალობელად! ჰკრნა ერთმანერთსა, დაცვივდეს თავსა ჴელ-აღუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრაჴი მკერდამდის გასაპობელად.

51. მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა, მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა. რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა. კაცი კაცსა შემოსტყორცა, – როსტან ამად ივაგლახნა.

52. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად, ტაიჭსა მიაქვს მერანსა, – მიეფინების მზე ველად!– შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა-მდეველად.

53. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრაჴი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, - არ უნახავს თვალსა ჩვენსა!– ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა. ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

54. კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდად წარჴდომა კაცისა, ვითა დევისა!– ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვთ წყლულთა ხვევისა. – მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

55. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,– ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება. – მასვე მადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება!”