ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

221. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა!– ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა. –

222. “მას ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ჴმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ შეფრობილი. – მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

223. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა თვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, მამასავე ჴელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა,– ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვჴოცდი ლომსა.

224. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა იგი მუნ იყვის, მედების ვისგან საჴმილი ალისა!

225. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. – დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,– და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

226. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოსათა ფარდითა ვერვინ ვხედვიდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

227. “მამა მომიკვდა, – მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა ჰქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა. მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ჴსენება იშისა.

228. “მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,– ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

229. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: “შენ გქონდეს ამირბარობა, ჰქმნა მისვე საურავისა”.

230. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა. შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

231. “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად. მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანი-ვეც ამირბარად.

*

232. კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ჴელი ჴელსა დამიჭირა. – მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?!

233. “მეფემან ახვმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა. – მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ჴამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!–

234. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის-წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

235. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარეთ ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი, ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოჴმა დურაჯთა ამირბარისა.

236. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა! მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. – ვაჰმე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!–

237. “დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა, - დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მჴართა და მკლავისა!– რა სულად მოვე, შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა,– გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

238. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

239. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.