ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1203. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა, მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა.

1204. შესხდეს, წავიდეს ყველანი, შინა თავისა მარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1205. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

1206. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1207. ტარიელ ჴელი მოჰკიდა და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა! ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა!

1208. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე-და-გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წარჴდომა”.

1209. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება”–

*

1210. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი — შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,– ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი!–

1211. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ–ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს.