ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

184. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე. არ მიუველ ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. ვთქვი: ნუთუცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

185. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად. მოაჴსენა: “მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?”

186. უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა. ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა!– ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ჴორცთა და სულისა.

187. “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა!– შენგან კიდე ჴორციელი, დაო, მივის არა-სადა”.

188. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია რათგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია: არ-რა ვარგა უსაზომო, – თავი ზომსა გარდგიჴდია”.

189. ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე! კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიჴადე”.

190. ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,– მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არას სავნებლისა ვნებითა”.

191. ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, – ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ჴელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”,.

192. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად. – “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად. ჴელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად. – იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად!–

193. გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე, უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად!– ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მედარად!

194. მობრუნდეს ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდ-ხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საურველითა: “თავთა ნუ დაჰჴოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა!”

*

195. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ-დაზრული . – ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული: ვინ ხარ, ანუ სით მოსულხარ, სადაური, სად მოსრული?– მე სიკვდილსა აღარ ვაჴსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

196. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია! მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

197. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. – თუცა არ მიცნობ, – გინახავ, თავი ვით გიაზრებია, გაჴსოვსცა, ოდეს დაჰჴსოცე მონები არ საპყრებია?

198. “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით. გიჴმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

199. “ყველაკასა მათრაჴითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. – მეფე შეჯდა, – დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,– ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

200. “ჭმუნვა შეექმნა, – თქვენც იცით, ჴელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია. – აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

201. “მიბრძანა: ”მიცან ამბავი მის ყმისა წარჴდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა”. სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. – არ გიკვირს, გავსძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?

202. “აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა. – მათრაჴითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა. – მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე გლახა, ა”.