ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

92. რა მოვიდა, სიხარული შიგან გაჴდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა. – იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა. – მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

93. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, – გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა,– ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე ამოსა სანადიროსა. გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

94. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,– ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან. – მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

95. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, – სრულ-ვქმნა მაშინ-ღა შენი წადილი გულისა: ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა", მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

96. “პირველ, – ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად. – ჴამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად. – მერმე, – ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად,– ჴამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირსა, დაჰხვდეს მამაცურად. –

97. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა. ამისთვის გნუკავ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა: ჩემ-წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,– ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

98. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი. – აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!–

99. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე. – აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

100. “მაშინ-ღა ჰკადრე მეფესა არ-საქმე-სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, – იყავ მართ ვითა რვალია: მიხჰვდაო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია, გლახაკთა მიეც საჭურჭლე, – ოქრო, ვერცხლი და რვალია.

101. “მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მჴნედ-რე. – ნუთუ ადრე დამივიწყო, – მაჴსენებდე ზედა-ზედ-რე. – მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

102. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეუზარა, თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცჴელი გარდმოღვარა,– მოაჴსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

103. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, - ესე სიტყვა ვით მიბრძანე! რა გვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა – სჯობს ორნივე გავიპარნეთ, – წამოგყვები, წამიტანე”.

104. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. – მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. – კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახვრითა დასაჭრელად.

105. “ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი?– შენგან კიდე არვინ ვარგა! უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?!– სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა! კვლა ნუთუცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა!

106. “ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი. – აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი. – წიგნსა მოგცემ, – გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

*

107. დაწერა თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამაზედან გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

108. “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მა რასა,– თვით ვიქმ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

109. “საქმე რამე მიც თავისა-ზე-სადმე-გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი. გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

110. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად, – პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.