ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

203. ტარიელსცა აეჴსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის: “მაჴსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი. მით ვტიროდი, – მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

204. “რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

205. “მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ჴელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზახე!– ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას ვასახე!–

206. “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება! მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება. – მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება! ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება!–

207. “აწ ვაშად მოხველ, მეამა ნახვა შენისა პირისა,– ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა! გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუჴდელი ჭირისა. – ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!–

208. “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად,– ღმერთმან ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. – მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად?! მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცჴელი, შემიქმს ალად-მურად”...

209. მერმე უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ჴამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს. – ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!– შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს. –

III. კარი მესამე. ტარიელი სმიერ თავის ამბის მბობა ავთანდილისთვის ამბავი ტარიელის მამის სარიდანისა და ინდოთ მეფის ფარსადანისა. – ტარიელის დაბადება და აღზრდა. – მეფის ასულის ნესტანდარეჯანის დაბადება და აღზრდა. – სარიდანის სიკვდილი და ტარიელის გაამირბარება. ტარიელის და ნესტანდარეჯანის გამიჯნურება. – ომი ხატაელთა წინააღმდგომ და ტარიელის გამარჯვება. – მეფეთა მიერ ნესტანდარეჯანის საქმროდ მოწვევა ხვარაზმშასი და სასიძოს მოკვლა ტარიელის მიერ. – ნესტანდარეჯანის დაკარგვა. – ტარიელისა და ასმათის წასვლა ძებნად ნესტანდარეჯანისა. – ტარიელის მიერ ნახვაფრიდონისა, მულღაზარის მეფსა, და მათი ძმად შეფიცვა. – ტარიელის მიერ დევთა დაჴოცა და მათ სადგომს ქვაბთ დაბინავება.

210. ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა. – ვინ-იგი ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ცრემლთა დენასა.

211. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

212. “მამა ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,– სარიდან ერქვა სახელად, – მტერთა სრვად დაუზარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი.

213. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,– ყოვლგნით გამისჴმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები.

214. “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა. შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

215. “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან! რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

216. “ერთი სამეფო, საკარ-გყმოდ, უბოძა ამირბარობა. – თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

217. “თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

218. “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა. – ვაი, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემ ბრძანა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

219. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა-ქმნათად მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

*

220. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. – ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. – დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი,– თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!