... (Q-714), XIX ს.

147. მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა჻ ღირსი მას თანა სროლისა, ორმოცი კაცი ხლებოდა჻ მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყუებოდა჻ ფრიდონს უკვირდა რა ქნესო, მისთა სპათათჳს წყრებოდა჻

148. ფრიდონ მონა გამოგზავნა, წა ნახეო ისი სპანი჻ რა ქნეს ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი჻ მონა ფიცხლა მოეგება, ნახა მორჩი სარო ტანი჻ დადგა თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყუის თქმანი჻

149. ავთანდილ ცნა თუ ისია, მოამბედ ჩემად რებული჻ უთხრა რქუი შენსა პატრონსა, ეს ჩემი დავედრებული჻ ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული჻ ძმად ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული჻

150. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად, ამბვისა მისისად჻ უთხრა მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად჻ ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად჻ ვარ ძმაო ტარიელისი, შეყრად ფრიდონის მქისისად჻

151. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა჻ თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა჻ მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა჻ შეიყვარნეს ერთმანერთი, მათგან იქო არ გაუქდა჻

152. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა჻ რა შეხედნა მან ესე თქუათ, თუ არ მზეაო ისი ვინ ა჻ მას მეტობდა რაცა ქება, მონისაგან მოესმინა ჻ ერთმანერთსა გარდაუჴდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა჻

153. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ჻ თჳთ უსახოთ ფრიდონს ყმა, და მოეწონა ყმასა ფრიდონ჻ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ჻ მამკალ ბაზარს სხვა მათებრი, ივაჭრონ რა ანუ ყიდიან჻

154. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვინმცა ვით ვინ ეგებიან჻ მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხუდებიან჻ მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან჻ დღისით ვერ ნათობს სანთელი, და ღამით შუქნი ჰკრთებიან჻

155. ცხენთა შეჯხდეს გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა჻ დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა჻ ავთანდილის ჭვრეტად, სპანი იქიაქათ იქმან ჯრასა჻ თქვეს ასეთი ჴორიცელი, შეუქმნია რაგვარ რასა჻

156. ყმა ფრიდონს ეტყუის, ისწრაფი ვიცი ამბისა თხრობასა჻ გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა჻ ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყუი ძმობასა჻ იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო,თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა჻

157. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით჻ დიდი სპასპეტი სახელად, მიხმობენ ავთანდილობით჻ მე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით჻ საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით჻

158. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა჻ მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყუიდა჻ გაგვიკუირდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა჻ ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა჻

159. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და სწყრებოდა჻ მან უჭირველად დაჴოცნა, ომი არ მისჭირდებოდა჻ ზოგსა მჴართეძო დალეწა, და ზოგსა სული ჴდებოდა჻ მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა჻

160. მან სპათაგან ვერ შეპყრობა, ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა჻ თჳთ შესხდეს და შეუტიეს, ამაყთა და არას მკრთალთა჻ რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხმალთა჻ ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა჻

161. ვძებნეთ და კული ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა჻ მეფე გაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა჻ მე ვეღარ გავსძელ მისისა, ამბისა არდასტურობა჻ გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა჻

162. იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი჻ მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახენ მისგან დაკოდილი჻ ვპოვე ვარდი მოყუითანე, შუქმკრთალი და ფერმიჴდილი჻ შემიტკბო და შემიყუარა, ვითა ძმა და ვითა შვილი჻

163. ქვაბნი წაუხმან დევთათჳს, სრულად გამესისხლებია჻ მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია჻ მას მუდამ ძველი ცეცხლი, სწვავს არახალ არახლებია჻ ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია჻

164. ქალი მარტო ქუაბსა შიგან, ზის მტირალი ცრემლ ნაწთომი჻ ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკუსა ვითა ლომი჻ მიართმევს და იმით არჩენს, იგი ერთგან ვერ დამდგომი჻ მისგან კიდე სანახავად ,არა უნდა კაცთა ტომი჻

165. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა჻ მითხრა ამბავი მისი, და მისისა სასურველისა჻ რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის, აწ ენა ესე ხელისა჻ ჰკლავს სურვილი და ვერ ჭვრეტა, მისისა დამმარხველისა჻

166. ვითა მთვარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების჻ მასვე ცხენსა შენეულსა, ზის აროდეს გარდახდების჻ არას ნახავს პირმეტყუელსა, ვით ნადირი კაცთა კრთების჻ ვა მე მისსა მგონებელსა, ვაი მას ვინცა მისთუის კვდების჻