... (Q-714), XIX ს.

97. თუ არ გესმის გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქუენს წინაშე წამოსავლად჻ მოვახსენე რადგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად჻ არას ვარგებ არ დავდგები, სხვად ვიუბნა რაღა მრავლად჻

98. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად჻ შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად჻ მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად არ მახმურად჻ აწ შევიქცე რა უამბო, რად მოხველო ჯაბან ჴრდლურად჻

99. მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი჻ მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყო ცნობილი჻ ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი჻ შენ ვერას ირგებ მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი჻

100. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითვე წესითა მაგითა჻ გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადეს ცნობითა შმაგითა჻ მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა჻ ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა჻

101. ამის მეტსა არას გნუკევ ,წელიწადსა ერთსა მსგეფსა჻ აქა ქუაბსა მომნახვიდე, მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა჻ ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა჻ ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა჻

102. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქუაბსა არ მოვიდე჻ ცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკუე კიდე჻ ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთჳს ცრემლსა ღვრიდე჻ მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე჻

103. აწ რაცა გკადრე ამისთჳს, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი჻ მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი჻ არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყუი ვარ მჩმუნავი჻ არ ვიცი ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი჻

104. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს჻ არ მამისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს჻ თუ არ მოგყუეს საყუარელი, შენ მას მიყევ რაცა სწადდეს჻ ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს჻

105. არ დაიჯერო მაშინ ცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა჻ ჩემთჳს ყუელაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა჻ შენ რაცა გითქუამს მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა჻ უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა჻

106. საუბარი გარდასწყვიტეს, დააპირეს ესე პირი჻ ცხენსა შესხდეს მოიარეს, თჳთო მოკლეს ველს ნადირი჻ შემოიქცეს აატირეს, გული კულაცა ანატირი჻ ხვალ გაყრისა გონებამან, სხვა მიმატა ჭირსა ჭირი჻

107. ლექსთა მკითხველო თქუენიმცა, თვალნი ცრემლისა მღურელია჻ გულმან გლახ რა ქნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია჻ მოშორვება და მოყვრისა, გაყრა კაცისა მკულელია჻ ვინცა არ იცის არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია჻

108. დილა გათენდა შესხდეს, და მას ქალსა გაესალამნეს჻ ტარიელ ასმათ ავთანდილ, თვალთაგან ცრემლნი დალამნეს჻ სამთავე ღაწუთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს჻ მათ ლომთა მიწყივ მხეც ქმნილთა, თავნი მხეცთანა ალამნეს჻

109. ქუაბი ჩავლეს და წავიდეს, ზახილით ცრემლთა მდენანი჻ ასმათ სტირს მოსთქუამს, ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი჻ მზემან დაგწუნა და დაგვდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი჻ ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი჻

110. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთგან იარეს჻ ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს, არ ჴმელთა არე იარეს჻ არ გაიყარნეს მას ღამეს, კულავ ცეცხლი გაიზიარეს჻ ერთმანერთისა შორს ყოფნა, იტირეს იმგლოვიარეს჻

111. ტარიელს ეტყუის ავთანდილ, რუ გაჴმა ცრემლთა დენისა჻ რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი მაგა ცხენისა჻ მუნით იცნობეს ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა჻ აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმად ფიცისა შენისა჻

112. ტარიელ სიტყვით ასწავლის, მხარსა ფრიდონის გზისასა჻ მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა჻ აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა჻ თუ ნახე ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა჻

113. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა჻ სვეს და ჭამეს რაცა ჭამა, შეჰფეროდა მათსა ჭირსა჻ მას ღამესა ერთად იყუნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა჻ ვგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხუსა ზოგჯერ ძვირსა჻

114. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს჻ მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს ვინცა მოისმინეს჻ თვალთა ვითა წყაროს წყალნი, ცრემლი ველთა მოადინნეს჻ დიდხანს იდგენ შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინნეს჻

115. გაიყარნეს ტირილით პირსა, ხოკით თმათა გლეჯით჻ ერთი აღმა ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით჻ ვირე უჩნდა ერთმანერთი, იძახდიან პირსა ბღნეჯით჻ იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით჻

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა჻