... (Q-714), XIX ს.

167. მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეხლითა მისითა჻ შემებრალნეს და გავშმაგდი, გავჴე გულითა ჴელითა჻ მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღვითა და ჴმელითა჻ შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა჻

168. დავეთხოვე და გამიწყრეს, მეფე მიეცა ჭმუნვასა჻ დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა჻ გამოვეპარე დავეჴსენ, სისხლისა ცრემლთა წურვასა჻ აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა჻

169. შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა჻ აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ენისა჻ გამომირჩიე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა჻ მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა჻

170. აწ ფრიდონ იტყუის სიტყუითა, მის ყმისა ნაუბარითა჻ ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა჻ გულ ამოსკუნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა჻ მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა, რწყვენ ტეურთა საგუბარითა჻

171. ლაშქართა შიგან შეიქნა, ჴმა ტირილისა დიდისა჻ ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა჻ ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა჻ უხანობა და სიცრუვე, ვაჲ საწუთროსა ფლიდისა჻

172. ფრიდონ მოსთქუამს რა შეგასხათ, ვერსაქებო ვერსათქმელო჻ ჴმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლთა გარდამსხმელო჻ მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგუმელო჻ ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო჻

173. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია჻ თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთჳს მამსურვებია჻ შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია჻ ოჴერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია჻

174. ფრიდონ თქუა ესე სიტყვანი, მოთქმითა შვენიერითა჻ სული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა჻ ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს, ტურფითა არეფერითა჻ მელნისა ტბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა჻

175. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა, სრა მოკაზმული სრულითა჻ საჴელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა჻ მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყუნეს სრულითა჻ შეჰფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულწასრულითა჻

176. შევიდეს და დიდი შექმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი჻ იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი჻ თჳთ ორნივე ერთგან დასხდეს, ვითა ვინ თქვა ქება მათი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი჻

177. დასხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა჻ უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა჻ მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა჻ მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა჻

178. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა დასისა჻ გათენდა ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა჻ შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა჻ შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა჻

179. ყმამან დაყუნა დღენი რამე, თუც ყოვნასა ვერა სთმობდა჻ ფრიდონს თანა ნადირობას, გავიდეს და თამაშობდა჻ სწორად ჰჴოცდის შორს და ახლოს, თუ რას ჴელსა მიაპყროდა჻ მისი სროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა჻

180. ყმა ფრიდონს ეტყუის გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები჻ მე შენი გაყრა სიკუდილად, მიჩანს და მით თავსა ვევნები჻ მაგრა არა მცალს დღეკრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედების჻ გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიც დია დამეყოვნები჻

181. მართალ ა შენი გამყრელი, თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა჻ დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა჻ დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა჻ სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა჻

182. ფრიდონ უთხრა დასაშლელი, ჩემგან არ არა გეთხრობის჻ ვიცი რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის჻ წადი ღ~თი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემჴობის჻ მაგრა თქუი თუ უშენობა, ჩემგან ვითა დაითმობის჻

183. ამას გკადრებ არ ეგების, მარტოსაგან წასვლა შენი჻ თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ იახლენი჻ აბჯართა და საგებელი, ერთი ჯორი ერთი ცხენი჻ არ წაიტან გაირჯები, ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი჻

184. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა჻ სრული აბჯარი საკაცო, ქაფითა საბარკულითა჻ სამოცი ლიტრი წითელი, აწონით არნაკლულითა჻ ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა჻

185. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა, საგებელი აუკიდა჻ წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე წამოვიდა჻ აწ გაყრისა მომლოდნესა, ედებოდა ცეცხლი სწვიდა჻ მოსთქუამს თუმცა მზე გვიახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგუზრვიდა჻

186. ზარი მის ყმისა გაყრისა, გაჰჴდა მიეცნეს წუხილსა჻ მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა჻ ხმა ზახილისა მათისა, გვანდა აერთა ქუხილსა჻ იტყოდეს მზესა მოვშორდით, მო თვალნი მივსცნეთ წუხილსა჻