... (Q-714), XIX ს.

281. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა, [მჴეცი და ვითა ზარია]჻ ბეჭდითურთ თითი მოჰკუეთა, ქუესკნელთ მიწასა გარია჻ ზღვითაკენ სარკმლთა გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა გარია჻ მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია჻

282. ჴმა მათისა დაჴოცისა, არ გაისმა არსით არა჻ წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა჻ [ესე მიკვირს სისხლი მისი, ასრე ვითა მოიპარა]჻ რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა჻

283. რა ფატმანისსა შევიდა, ლომი მზე მოყმე წყლიანი჻ უბრძანა მოვჰკალ მან ყმამან, დღე ვეღარ ნახოს მზიანი჻ თჳთ მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი჻ აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი჻

284. აწ მითხარ თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად჻ რას გექადდა ისი კაცი, მესწრაფების მეტის მეტად჻ ფატმან ფერხთა მოეხვია, არა ღირს ვარ პირსა ჭურეტად჻ გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად჻

285. მე და უსენი შვილითურთ, აწ ახლად დავიბადენით჻ ლომო ქებანი შენნიმცა, ჩვენ ვითა ვადიადენით჻ ვინადგან სისხლთა იმისთა, დაღვრავე დაექადენით჻ თავითგან გითხრობ ყუელასა, თქვენ სმენად დაემზადენით჻

ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილ თანა჻

286. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა჻ არცა ვინ ვაჭრობს, ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა჻ ყოველნი სწორად დავიწყებთ, კაზმასა ლამაზობასა჻ დიდსა შეიქმან მეფენი, პურობა დარბაზობასა჻

287. ჩვენ დიდვაჭართა ზედა გვაც, დარბაზს მიღება ძღვენისა჻ მათ საბოძვრისა ბოძება, მართებს მსგავსისა ჩვენისა჻ ათ დღემდის ისმის ყოველგნით, ჴმა წინწილისა ებნისა჻ მაედანს მღერა ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა჻

288. ქმარი ჩემი დიდვაჭართა, წაუძღვების უსენ წინა჻ მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა჻ დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ ა჻ დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა჻

289. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით჻ ჩვენ მივართჳთ მათ გჳბოძეს, ავავსენით ავივსენით჻ ჟამიერად მხიარულნი, წამოვედით ნებით ჩვენით჻ კულავ დავსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყვენით჻

290. ბაღსა შიგან თამაშობად, საღამოსა გავე ჟამსა჻ გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ხამსა჻ მომყუებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ჴმასა჻ ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა჻

291. იქ ბაღსა შიგან ტურფანი, სახლნი ნატიფად გებულნი჻ მაღალნი ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი჻ მუნ შეუიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი჻ კულავ დავიდეუით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი჻

292. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან, უმასპინძლე ამო დურად჻ სმასა ზედა უმიზეზო, გავჴე რამე უგემურად჻ რა შემატყუეს გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად჻ მარტო დავრჩი სევდა რამე, შემომექცა გულსა მურად჻

293. უკმოვახუენ სარკმელნი, და შევაქცივე პირი ზღვასა჻ ვიხედვიდი ვიქარვებდი, კაეშნისა ჩემგან ზრდასა჻ შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა჻ მფრინველად ვთქუი ანუ მჴეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა჻

294. მე შორიდამ ვერად ვიცან, მამეახლა იყო ნავი჻ ორთა კაცთა ტანად შავთა, თჳთ პირიცა ედგა შავი჻ იქით აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი჻ გამოვიდეს გამიკუირდა, იგი უცხო სანახავი჻

295. გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა჻ მიიხედნეს მოიხედნეს, ვინ გჳჭვრეტსო სადა ვინა჻ ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა჻ მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა჻

296. მით ნავიდაღმან მათ რომე ,გარდმოსვეს კიდობანითა჻ აჰჴადეს ქალი გარდმოხდა, უცხოთა რამე ტანითა჻ თავსა რიდითა შავითა, ქუეშეთ მოსილი მწვანითა჻ მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა჻

297. რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა჻ ღაწვთა მისთა ელვარება, ელვარებდა ჴმელთა ზესა჻ დავიწუხენ თვალნი ყოლა, ვერ შევადგენ ვითა მზესა჻ უკმოვიხარჩ კარი ჩემგან, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა჻

298. მოვიჴმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი჻ უჩვენე ხედავთ ინდოთა, ტყვედ ჰყუანან შუქნი რომელნი჻ ჩაეპარენით ჩაედით, წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი჻ მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყონ მდომელნ჻

299. თუ არ მოგცენ ნუღარ მისცემთ, წაგვარეთ და დაჰჴოცენით჻ მოიყუანეთ ისი მთვარე, ჰქენით კარგად ეცადენით჻ ჩემნი ყმანი ზედა დაღმან, ჩაეპარნეს ვითა ფრენით჻ დაევაჭრნეს არ მოყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით჻