... (Q-296), XVIII ს.

140. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ჴმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი ცან რაცა გარე მონია

141. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილს ქმნილთა გავახარო ურჩი ყუელა ავატირო ძღვენი გკადრნე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო

142. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა უბძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა აწ მაგა მამხვდეს რაღა ვქნა თუ სიშორისა გრძელობა

143. ყმა შევიდა თაყვანისცა მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუ თუ კულავ სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კულა მიჩვენა

144. მეფე ჴელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირე ლმობიერი გული ლბილი

145. გამოემართა ავთანდილ მოყმე მჴნე ლაღად მავალი ოცდღე იარა ღამესა დღე ზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდება თინათინ მისი მას ვისგან სწვავალი

146. რა მოვიდა სიხარული შიგან გაჰხდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა იგი პირმზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა მიჰხვდეს მყოფი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა

147. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარე კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

148. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავდადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

149. უბძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნია გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან

150. მიბძანა "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულვჰქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო მამხვდების ხისა რგულისა» მამცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

151. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად– ჴამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად – მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ჴამს თუ კაცი არ შეუტრკეს ჭირს მიუხდეს მამაცურად

152. ვართ უმოყვრესნი მედაშენ ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვი გნუკავ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა

153. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი პატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი წიგნსა სწერდი ჩემაგიერ უფასოსა ძღვენსა ძღვნობდი აქა სადმე არ ყოფასა მათმცა რად აგრძნობდი

154. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე აქათ სამწელ მამიცადე ხვაშიადი შემინახე მე ნუ თუმცა შემოვბრუნდი ალვა ჩემი არ დაჭნახე არ მოვბრუნდე მამიგოლოე მიტირე და მივაგლახე

155. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკუდილი იყავ მართ ვითა მთრვალია– მიხვდათქო საქმე რომელი ყოვლთათვინ გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია

156. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მჴნედრე ნუ თუ ადრე დამივიწყო მახსენებდე ზედა ზედრე მეტად კარგა დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე გული შენი მოიმედრე

157. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომა [...]ან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომ არ დასდგები მაგას გიშლი ამადარა

158. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყუა რად მიბძანე რაგვარა ვჰქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყუები წამიტანე

159. ყმამან უთხრა მომისმინე მართლად გეტყვი არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუდა მოღალატე ჰჴამს ლახვრითა დასაჭრელად