... (Q-296), XVIII ს.

100. ესე თქუა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა არცაღა ჰკრა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყუელაკაი მოიშალა სადაცა ვინ მჴეცთა სვრიდა ზოგთა თქუეს თუ მართლია ზოგი ღმერთო უზრახვიდა

101. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყვა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყუელაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არდაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

102. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯთ ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

103. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესვლა არს ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყოთქო აქა ერთისა წამითა

104. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა აწაღა ფერ ნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო

105. უბრძანა თუ წადი უჴმე უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაჰბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მეთუ ლხინთა რად დავლეო

106. თინათინ ადგა მოვიდა მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა მამამან გვერთსა დაისვა აკოცება ნება ნებასა უბრძანა მახლავ რადარა მელი მოყვანებასა

107. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

108. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე ლხინადვე დამისახია მამქარვებელი სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

109. უცხოსა და საკვირველსა ყრმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან განანათლა სამყოფი და ჴმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

110. მე არ მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შევუზახენ სპანი სრულად დამიჴოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა ჯერეთაცა ეს არ ვიცი ცხადი იყო თუ მეოცნას

111. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარამან მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ ვეღარამან გამახარნეს

112. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვსა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

113. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედან მფლობელი შორას არის თქუენი სამზღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობთ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

114. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

115. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კულა და კულადია [...]ა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

116. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ჴმელნი მოვიარენით მაგრა ვერპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით

117. მეფე ბძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე ვინმე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული გარდმოჭრილი ზეცითზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლამეო

118. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი უხმეს ჰპოვეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოსადა მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

119. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მართ პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბძანებსო ტანი ალვა პირი მანგი