... (Q-296), XVIII ს.

199. დღეს ავყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვთქვით «გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობს თავისა მკლავითა თავს ვიახლნეთ მარტონი დავდგეთ თავისა თავითა თვით დანახულსა მოვკულიდით ნუ ვესრვით დამნახავითა

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა უბრძანეთ მოდითო მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავჴოცეთ მჴეცი მფრინველი არცა ზე გარდაგვფრენია

201. ანაზდად მოყმე გამოჩნდა მოყმე პირ გამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია– თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია

202. უჭურიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქვით თუ «მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცხდაენით» მისი მოგვინდა შეპყრობა ვკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისაცა დენით

203. მე უხუსმან უმცროსსა კაცი დავთხოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვთხოვა უვალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

204. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა მისნი მკუახეთ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა

205. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა «დადეგო» ესეცა ჰკადრა კიდენით მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კიდენით

206. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გადაჰფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყიწა

207. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

208. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს უნდა პოვნა მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასულთა ჭირთა ჴსოვნა

209. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღმერთიმცა ნურას ნუღას იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა

210. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო ნება ნებასა ჩრდილსა გადასვით მაშვრალი მიეცით მოსვენებასა

211. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზესითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

212. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

213. რადგან ისი არის სადმე უცნობოდა ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისაჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანეთის ცემა ჟლეტად ანუ მომკლავს ანუ მოვკლავ დაიმალვის მეტის მეტად

214. ავთანდილ იტყვის ეზომნი ჭირმნიცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნიდგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი

215. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ შეჭამანდთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

216. დღისთ ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბი იყო ძირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდრონი თვალ უწდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

217. მან ყმამან ქვაბსა მიმართა გავლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა მონახნა დიდი ხენია მაზედა ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია

218. რა ტყენი განვლა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალ[ი] ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა ყელსა მოეჭდო მკლავითა