... (Q-296), XVIII ს.

1523. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მოეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა იგი პოვეს რაცა ძებნეს ჴელი ჰჴადეს ჴმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1524. მეფემ ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაუყუნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერ მიხვდომილმან

1525. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო მზიანო და მთვარიანო ეტლად რაო დარიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1526. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1527. შინა წავიდეს ყველანი შესხდეს თავისა დარებად ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მისმზისა დასადარებად არ მიიხვდომის სიტურფე არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად

1528. შევიდეს ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა იგი მზე მსავსი გმირისა

1529. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დაამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს

1530. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფესა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა [……………………………………………………………………..]