... (Q-296), XVIII ს.

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზე გარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჰე ღმერთო ერთო შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მესატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკუდიმდე გასატანისა ცოდვათა შემსუბუქება მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ჴმარება შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევჰკადრო შესხმა ხოტბისა ხშირისა მი[...]ა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ჴამს მართ მშიერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული ვთქვენით ქებანი ვისმინე არ ავად გამორჩეული მელნად ვიჴმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყუვiსა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ჴელოვანება ძალი მამეც და შეწევნა შენგნით მაქუს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფადაც უნდა ჴსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანეთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისაც ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნუ[...] ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანერთსა გესმის ჩემი ნაუბარი

10. ხამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხუდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული ხვევნა კოცნა ტლაშა ტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობთ მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგ[...] ვინ იქს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგვა შორით ალვა დათმოს წყრომა მეფეთაგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა არ ვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგო მას ავნოს და თითვანც ივნოს რათამცაღა ასახელო რა სიტყუითა მააყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არატკივნოს

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დავუძლურდი მიჯნურთათვის კვლავ წამალი არსად არი ანუ მამცეს განკურნება ანუ მიწა მესამარი

16. ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ჴელის ჴელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გარდაჰვთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები

17. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიხვდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა

18. რაცა ვისა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს მეომარი გულოვნობდეს კულავ მიჯნურსა მიჯნურობა უყუარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვათა უწუნობდეს

19. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი საღთო საღთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კვლავ აქაცა იამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსეთა ლექსთა გრძელთა თქმადახევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა