ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

19. უკუდგეს და თაყვანი-სცეს მეფეთა და მათთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დააბრკმობდეს მათთა ჴმათა. – ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა-ბოლო-ფრთათა.

20. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, – ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა. მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

21. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩვენგან ჴელმწიფედ ჴმობილი. აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი, ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!”

22. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების. უხვი ახსნილსა დააბამს, – იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, – ზღვათაცა შესდის და გაედინების”.

23. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა. – მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა. – თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა!

24. მოიჴმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,– მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. – მოართვეს, – გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

25. კვლა ბრძანა: “წადით, გაჴსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგადა ცხენია!” მოიღეს, – გასცა ურიცხვი, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია. –

26. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა. – რა დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა. –

*

27. დღე ერთ გარდაჴდა პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. – მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ რა უმძიმს, რა სჭირსო?”– შექმნეს ამისი ცილობა.

28. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

29. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,– ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ჴშირიო,– ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო?”

30. –“ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლივენ სიყმაწვილისა დღენია,– კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.”

31. “ერთაი მივის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყრმა-შვილი, – ვარ საწუთროსა თმობითა,– ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

32. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

33. –“მიწამცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია! ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია,– მოასპარეზედ ვინ მგავსო?! - ცუდნი-ღა უკუთქმანია! გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

34. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა. – მერმე, – გამოჩნდეს მოედანს, ვის-ძი უთხრობდენ ქებასა!”

35. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, – ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

*

36. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.