ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

138. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მჴნე, ლაღად მავალი. ოც დღე იარა, ღამესა დღეს ზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, არ მისცილდების თინათინ მას, მისგან გულსა წუავს ალი.

139. რა მოვიდა, სიხარული შიგან გაჴდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი, ძღუენსა სძღუნიდეს უფასოსა. იგი პირმზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა. მიხუდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

140. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქუიტკიროსა, ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა, გამზრდელი მისი შერმადინ დაისუა სავაზიროსა.

141. ესეა მონა შერმადინ , ზემოდცა სახელ- დებული, თანა შეზრდილი, ერთგული და მისთუის თავ-დადებული. მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული, აწ გაუცხადა სიტყუები მის მზისა იმედებული.

142. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხუენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

143. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ ვყო მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, მამხუდეს ხისაცა რგულისა», მამცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

144. “პირველ, ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, ჴამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწუავს გულსა მურად. ჴამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუჴდეს მამაცურად.

145. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთუის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად სხუათა ყმათასა, ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხუათასა.

146. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ნაპირობდი; დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი, წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღუენსა სძღნობდი, აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

147. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, სპათა ჩემთა ეთავადე, საჴელმწიფო შემინახე; თუ სამ წლამდის არ მოვიდე,ხუაშიადი შემინახე კულა ნუ თუმცა შემოვბრუნდე, ალვა ჩემი არ დაჭკნახე

148. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკუდილი, იყავ მართ ვითა მთურალია, მიხუდა თქუი საქმე, რომელი ყოვლთათუის გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

149. მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მჴნედ-რე, ნუ, თუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედა ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონე, გული შენი მოიმდედრე”.

150. რა მონამან მოისმინა, გაუკუირდა, შეეზარა, თუალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოღუარა, მოაჴსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.

151. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო,” — ესე სიტყუა ვით მიბრძანე? როგორა ვქნა პატრონობა, რამც გიფერე, რამც გიგუანე! შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყუები, წამიტანე!”

152. ყმამან უთხრა: “მამისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიხუდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახუართა დასაჭრელად.

153. “ვისმცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ ქნას კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა, კულა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

154. ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი; წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

155. დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამაზედა გამოცდილნო, თქუენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

156. “მიწაცა თქუენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თუით ვიქმ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.