ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

196. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთუარებლად”; შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

197. აჰა მიხუდა ავთანდილსა ღაწუთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუჴდა მას ეზომი გარეთ ყოვნა; კაცსა მიხუდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

198. უთხრა თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა, აწ თქუენგან მივხუდი საქმესა ძნელსა არ საადვილოსა, ღმერთიცა ნურას ნუღარ იქს თქუენსა დასაღრეჯილოსა!

199. “ვითა მე მივხუდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქუენისა ვნებასა!” უჩუენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასუით, მაშვრალნი მიეცით მოსუენებასა”.

200. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშუებული ხეზითა, ან მთუარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; დაივსო ცეცხლი შემწუელი მისითა მან მიზეზითა.

201. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ჴამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

202. “რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭურეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად, ანუ მამკლავ, ანუ მოვკლავ,” დაიკარგუის მეტის მეტად.

203. ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი, მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი”.

204. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი; არსადა ხანი არ დაყუეს, ერთნი თუალისა წამენი, მათ თუალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი.

205. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქუაბნი იყუნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრუან, თუალ უცდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

206. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, განვლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა; იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

207. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქუაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

208. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა; ერთმანერთსა ეხუეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ჴმასა, ავთანდილ ჭურეტს გაკუირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა.

209. სული დაიღო მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა, ქუაბს შეიყუანა ტაიჭი, მოჴადა აკაზმულობა, მას ყმასა შეხსნა, შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჴდა გამოსრულობა.

210. ავთანდილს უკუირს, ამბავი ისი თუ ვსცნაო მე რითა?” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა; შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წუერითა, შეკაზმა, მოაქუს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

211. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასე ჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხუივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა, ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კულავ უფრორე დაიღრეჯდა.

212. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წუერ გამო, “ნუ თუ მზეაო”, თქუა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა, ასრე უჩს მოკულა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

213. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ ჭურეტს გაკუირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქუა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მამიგუარა.

214. “აწ ამას ჩემთუის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა უთხრა ყუელაი, მართალი გავაბჭობინო, მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.

215. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქუაბი დახუდა კარ გახმული; მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე, ცრემლ დასხმული, ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ფერ ბაკმული.