ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

118. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა, ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშუიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა. პირის პირ პირსა უჭურეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

119. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთუარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭკნების; აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, თქუენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკგონების

120. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყუა არ დუხჭირად; იტყუის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, მიკუირს, მოგხუდა წამის ყოფით საქმე შენგან სახე ჭირად, მაგრა გითხრა პირველ ხუალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

121. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცი დაგეჴოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეჴოცა, მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამჴოცა, შენ გენუკუი მონახვასა, კიდით კიდე მოლაჴო ცა.

122. ,,აქანამდის ნაუბნარსა თუცა ვერას ვერ გეტყუია, მაგრა შორით სიყუარული შენგან ჩემი შემიტყუია, ვიცი, რომე გაუწყუეტლად თუალთა ღაწვი გისეტყუია, შეუპყრიხარ სიყუარულსა, გული შენი დაუტყუია.

123. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ჴორციელი არავინ გუყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად; წადი იგი, მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

124. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამჴსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე, გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე, მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

125. “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი; პოო, მოდი გამარჯუებით, მხიარულად მოუბარი; ვერა პოებ, დავიჯერებ, იყო თურმე უჩინარი; კოკობი და დაუფურჭვნელი ვარდი დაგხუდე არ დამჭკნარი.

126. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მამხუდეს ჴორციელი, ჩემთუის კაცად შენაქმარი, სრულად მოვწყდე სამოთხესა, ქუესკნელს ვიყო დასანთქმარი, შენი მკლევდის სიყუარული, გულსა დანა ასაქმარი”.

127. კულაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა, მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა; მე რომ თქუენგან მოვისმინე წყალობანი, მედიადა, ვარდი ჩემი არ დაჭკნების, შუქი შენი იეფადა”.

128. კულა შეფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი; გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყუა ხშირი. გაადვილდა, აქანამდის გარდეჴადა რაცა ჭირი; თეთრთა კბილთა გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭუირი.

129. ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს, ბროლ ბალახში შეხუეული და გიშერი ასადაგეს; ყმა ეტყუის თუ: “შენთა მჭურეტთა თავი ჴელი ასადაგეს! ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

130. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა, უკუღმავე იხედუიდა, თუალთა რეტად აყოლებდა, ბროლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, გული ჰქონდა გულისათუის, სიყუარულსა ავალებდა.

131. საწოლს დაწუა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების, ვითა ვერხუი ქარისაგან ირხევის და იკეცების; რა მილულნის, სიახლევე საყუარლისა ეოცების, შეკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.

132. მოშორვება საყუარლისა მას შექნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა, ვითა მარგალიტსა ყრის ვარდისა დასანაზოდ. რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭურეტთა სალამაზოდ, ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

133. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია, შესთუალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქუენ ჴრმლითა დაგიმონია, აწ თუ სჯობს, ესე ამბავი სცნან რაცა გარემონია.

134. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქუენთა გულსა ვგმირო, მორჩილ ქნილთა გავახარო, ურჩი ყუელა ავატირო, ძღუენი გკადრნე ზედა ზედა, არ სალამი დავაძუირო”.

135. მეფესა ეთქუა ამისი დიადი მადრიელობა, ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდაუჴდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქუელობა. წა, მაგრა მამხუდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

136. ყმა შევიდა, თაყვანი სცა, მადლი რამე მოაჴსენა: ჴელმწიფეო, მიკუირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქუენა, აწ ნუთუმცა კულავ ნახუისა ღმერთმან ბნელი გამითენა. პირი თქუენი მხიარული მხიარულსა კულავ მიჩუენა”.

137. მეფე ჴელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი, სხუა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი; ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი; როსტან მისთუის აატირა გონიერი გული, ლბილი.