ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

წინასიტყვაობა

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყუნა ზეცით მონაბერითა, ჩუენ, კაცთა, მოგუცა ქუეყანა, გუაქუს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა.

2. მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთუის ვხელობ, მისთუის მკუდარი; დაუძლურდი, მიჯნურთათუის კულავ წამალი არსით არი: ანუ მაგუცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

3. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ჴელის ჴელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქუი, საქმე ვქენ საჭოჭმანები, მისმან ხელ-მქმნელმან დამმრთოს ლაღმან და ლამაზმან ნები

4. თუალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჴდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ! ჴორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა.

5. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კულა მიჯნურსა მიჯნურობა უყუარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხუასა უწუნობდეს.

6. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათუის დიდი მარგი, კულავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყუა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

7. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა საუბართა ტკბილთა ფრქუევა. რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,

8. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძუირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყუა მცირობა, ჴელმარჯუედ სცემდეს ჩოგანსა, იჴმაროს დიდი გმირობა.

9. მოშაირე არა ქუიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი; თავი ყოლე ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქუას ერთი, ორი, უმგზავსო და შორი შორი, მაგრამ იტყუის: ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი.

10. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალუც სრულ ქნა სიტყუათა, გულისა გასაგმირეთა,– ვამგზავსე მშუილდი ბედითი ყმაწუილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოკულენ, ჴელად აქუსთ ჴოცა ნადირთა მცირეთა.

11. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად; ჩუენ მათიცა გუიამების, რაცა ოდენ თქუან ნათელად.– მოშაირე არა ქუიან, ვერას იტყუის ვინცა გრძელად.

12. ჴამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთუის ჴელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, ყუელას მისთუის მუსიკობდეს.

13. ჩემი აწ ცანით ყუელამან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ეს მიჩანს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქუემორე მითქუამს, მიქია.

14. ვთქუა მიჯნურობა პირველი და ტომი გუართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მამცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობაცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

15. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუიანნი ვერ მიხუდებიან, ენა დაშურების, მსმენლისა ყურნიმცა დავალდებიან; ვთქუენ ხელობანი ქუენანი, რომელნი ჴორცთა ხუდებიან; მართ მასვე ბაძავენ, თუ ოდეს არ სიძუენ, შორით ბნდებიან

16. მიჯნური შმაგსა გუიქუიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიჴვდომისა წყენითა; ზოგთა აქუს საღმრთო სიახლე, დაშურების აღმაფრენითა, კულა ზოგთა ქუე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

17. მიჯნურსა თუალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა. ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

18. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გუარი; მიჯნურობა სხუა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხუაა, სიძვა სხუაა, შუა უზის დიდი მზღუარი, ნუვინ გარევთ ერთმანერთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

19. ჴამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოშორდეს მოყუარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხუდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულო სიყუარული, ხუევნა, კოცნა, მტლაშა მტლუში.