ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

236. ქალმან უთხრა ყმასა სიტყუა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი; წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი, აწ მოყუარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

237. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიხუდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მამისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოკუდები გაცასწბილდები”.

ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქუაბშიგან

238. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხუასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ ვასა.

239. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მამიცადე, წავალ თოკთა მოსატანად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე”; მას ქუეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”

240. “აწ, დაო, შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა, სხუად უღონოა უშენოდ ჩემგან აბყრობა ჴელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ლხენისა; თუარ ვისმცა ექნა გორლითა შეკურა თავისა მრთელისა!”

241. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მამისმინე, გიპოვნია საძებარი.

242. “გითხრობ, თუ ცოდნა გწადიან ჩუენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქუიან, რომელსა წუა მჭირს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

243. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მე იმისგან მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაყოვნის დიდსა ხანსა.

244. “ამას გეტყვი, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხუეწო; ნუ თუ ვით რა მოვაგუარო; ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყუარო, თუით გიამბოს საქმე მისი, საყუარელსა გაახარო”.

245. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა, დართო ნება. ამა ზედა მოიხედეს, ჴევით ესმა ჩხაპუნება; მთუარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, უკუ დგეს და აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

246. ქალმან უთხრა: მოგცა, ყმაო ჟამად ღმერთმან, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ქენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არავინა; ნუთუ ვით რა მოვაგუარო, შენი ნახუა არ ეწყინა”.

247. ავთანდილ ქალმან დამალა ქუაბსა დამალვით მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, შუენოდა კაპარჭ ჴრმალითა, ატირდეს მაღლა ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა, ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა ჭურეტითა იდუმალითა.

248. ამარტის ფერად შესცუალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყუანა მან, დადუმდეს, ცრემლნი მოკუეთა შავმან გიშრისა დანამან.

249. ავთანდილ სარკმლით უჭურეტდა, ტყუე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მაზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქუამს ჭირ მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

250. მან ქალმან ჴელყო კუესითა გზება ცეცხლისა ნელისა. ეგონა ჭამა ჴორცისა შემწურისა, შეუქნელისა; მიუპყრა, ერთი აჴლიჩა, ქნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

251. ცოტად მიწუა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეჰკრთა, დიდნი დაიზახა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალერ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭურეტი.

252. მოახსენა: “რად დაბრუნდი,” “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ყუეს ლაშქარნი უთუალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩუა მარე კიდა.

253. სევდად მეცა კაცთა ნახუა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მიუველ ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე; მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. თქვა: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხუალე”.

254. ქალსა ცრემლნი გარდმოსცუივდა ას ნაკეცნი, ბევრის ბევრად; მოახსენა: “მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?