ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

216. ვერ იცნა, სახე არ გუანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა.

217. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭურეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქუეშე, მიდამო წრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუჴლთა უყრიდა, თითითა ეხუეწებოდა.

218. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი; უფერო ქნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი; მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან სარო, პირ-ბაკმიანი? სხუად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ყივი აგრე ჴმიანი”.

219. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა; აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა”.

220. “ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მამითმენიან; ოდიდგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან; შენ მიპოვნიხარ! სიტყუანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხუენიან”.

221. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო? მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თვრთუილო, ასრე მით მაწყენო! გრძელი სიტყუა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათუის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქენო!”

222. კულაცა კითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაყარა, მუდარობა მოეწყინა; პირსა ზედან გაგულისდა, თუალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

223. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო? როგორა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო! გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თუარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკუდინო!”

224. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მამკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი; რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კულავ თუ მამკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი”.

225. კულავ ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკულევინო, ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

226. “ჩემი სიკუდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია; ჩალად მიჩს ყოვლი ქუეყანა, მისთვისვე შემიწონია. ვერ გიცნობ; ვინ ხარ, ვის გითხრა სიტყუანი მისანდონია?”

227. ყმამან თქუა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხუისა რასმე მოგუარება , სჯობს საქმისა გამორჩევა”. გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქუევა; ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!”

228. ქალი დაუჯდა კუშტ გუარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია; ავთანდილ ქუე ზის ტირილად, აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კულავ იქით ქალი ატირდა, მისთუის გულ-ნალმობარია.

229. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღუარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა; ყმამან თქუა თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთუის დააწყნარნა”. ცრემლ დენილი შეეხუეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

230. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად; გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთუის დასანდობლად, ამად რომე შეცოდება შუიდ გზის თქმულა შესანდობლად.

231. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ჴამს, ესეცა გაიგონე; სხუაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათუის, სხვა მეტიმცა რა გამონე!”

232. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ-ამოჴუინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება; კულავ გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

233. იტყუის თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, ვისთუისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კულავ უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების, ესეცა იცი, სიკუდილსა თუით ეძებს, არ ეკრძალების.

234. ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად; ჩემმან მზემან გამამგზავნა საძებარად იმა ყმისად; ღრუბელიცა ვერ მიხუდების, მე მისულვარ სადა, ვლიდეს გული შენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.

235. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთუის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე; ორისაგან ერთი მიყავ: ტყუე მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მამკალ, ჭირი ჭირსა მამიმატე”.