ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

275. “რას მაქნევდით, რად გინდოდით, ერთმანერთსა რითა ვჰგუანდით? თქუენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩუენ მტირალნი ღაწუთა ვბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაგულვანდით, აწ ვეჭუ, რომე ჩემად ნაცულად თანა მკუდართა მიიტანდით.

276. “მოვიხედე, მამეწია, რა პატრონი შენი ვნახე, ჴელმწიფობით შემებრალნეს, ამად ჴელი არ შევახე, თუალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შეუზრახე; ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხუასმცა რას დავესახე!

277. “კაცმან ვერ ასწრას თუალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვცნა ამება; მათ თურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად შუენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

278. “აწ ვაშად მოხუელ, მიამა ნახვა შენისა პირისა! ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მგზავსი გმირისა, გარჯილხარ მაგრა არა ხარ გარდაუჴდელი ჭირისა. ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”.

279. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცულად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქუენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რადგან ვერ შეგცულის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

280. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემჴურვალების; მიკუირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყუარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!”

281. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად. მე თუ ვიტყუი, დამწუავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”

282. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწუარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული კულავ ესე ყმა მწუავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

283. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა ანუ, თუ დაცა იდოს, ჴამს თუ, მისთუის სიკუდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს: ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს”.

284. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკუდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკუანე”.

285. ღილ ჩაჴსნილი საამბობლად დაჯდა, მჴარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გააჴუნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოღუარნა.

286. მოთქუამს: “ჰაი, საყუარელო, ჩემო, ჩემთუის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკუეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო, ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწუა, გულო, ასჯერ დადაგულო!”

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

287. ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ნათქუათა სმენასა, საუბართა და სიტყუათა, ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შეუცავ სევდათა, სისხლისა ღუართა დენასა.

288. ინდოეთს შუიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექუსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თუით იყო მპყრობელი, უხუი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

289. მამა ჩემი ჯდა მეშუიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქუა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ კადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშუებდის საწუთრო გაუმწარავი.

290. ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქუა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისჴმან, მორჭმით ვზი, მაქუს ზეიმი და ზარები; ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები.

291. “ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა. შესთუალა: “შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქუენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

292. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთუალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ქენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

293. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამილბარობა. თუით ამირბარსა ინდოეთს აქუს ამირსპასალარობა. მეფე რა დაჯდეს, არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა; სხუად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.