ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

39. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ სპასალარისა, საროსა მჯობი ნაზარდი, მგზავსი მზისა და მთუარისა, ჯერთ უწუერული, სადარო ბროლ მინა საცნობარისა; მას თინათინის შუენება კლევდის წამწამთა ჯარისა.

40. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერა მჭურეტმან ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა, სიყუარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

41. რა მეფედ დასუმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიხუდა სიამე, ვსება სჭირს მი სოქ ალისა; თქუა: “ზედაზედა მომხუდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა, ნუთუ მით ვპოო წამალი მე ჩემი ფერ გამქრალისა!”

42. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან, მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათლობელმან! მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

43. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირმზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა, ვაზირი სოგრატ – მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დასდგეს საჯდომი, თქუეს: –“უთქმელია ფასისა!”

44. თინათინ მიყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გუირგუინი დასდგა თავისა ჴელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზეებრ სჭურეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.

45. უკუდგეს და თაყუანი სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასუეს, ქება უთხრეს სხუაგნით სხუათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ჴმათა. ქალი ტირს და ცრემლთა აფრქუევს, ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

46. მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწურთის: ”მამა ყოველთა ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქნამდის დამწუელი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

47. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი, აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი. ხარმცა ბრძნად მქნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.

48. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წურილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების, უხუი აჴსნილთა დააბამს, იგი თუით ების, ვინ ების. უხუად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

49. “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია: უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემთ, შენია; რაც არა – დაკარგულია!”

50. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა,წურთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

51. მოიჴმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყუელაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს; გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

52. მას დღე გასცემს ყუელაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა”.

53. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს; გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ხუეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

54. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქუენაბამსა, ნასუქალსა, რომე გუანდა სიუხუითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

55. დღე ერთ გარდაჴდა. პურობა, სმა ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?” შექნეს ამისი ცილობა.

56. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თუითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუჴლმოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბარითა:

57. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წაჴდა საჭურჭლე თქუენი მძიმე და ძვირიო, ყუელასა გასცემს ასული თქუენი საბოძვარ ხშირიო; ყოლემცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

58. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწუილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩუენია, რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.