ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

79. იგი ორნივე საგრილად გარდაჴდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმჴნესი სხუათა მჴნეთასა. თამაშობდეს და უჭურეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

ნახუა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხის ტყაოსნისა

80. ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ყუანდა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

81. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ჴელთა ნაჭედი მათრაჴი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახუა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

82. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ მდუღარისად, თავ ჩამოგდებით მტირლისად, არ ჭურეტით მოლიზღარისად, მუნვე წუიმს წუიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყუისა თქმად აღარისად.

83. ვერა კადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭურეტს გაკუირვებით, თუცა გული უმაგარდა; მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

84. მის მონისა არა ესმა სიტყუა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილითა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რასმე ამოსკუნიდა გული ცეცხლთა ნადებარი, ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

85. სხუაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩნა ბაგეთა თავი ვარდისა კონამან.

86. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტენს ჰკადრა: “შემიტყუია, იმას თქუენი არა უნდა; თუალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა, ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და.

87. მეფე გაჰკუირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთჳს მწყრომარე; გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ჴელთა აიღეთ აბჯარი თქუენ საომარე მიდით და აქა მომგუარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

88. მონანი მიდგეს, მივიდეს, გაჴდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ მდუღარია, თუალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია, ერთხელ ესე თქუა: “ვაჲ მეო”, სხუად არას მოუბარია.

89. თუალთა ჴელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ჴრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შეჯდა, მონათამცა საუბარნი რად იყურნა! სხუასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

90. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად. მან, იგინი, გლახ დაჴადნა მტერთაცა საწყალობელად: კრა ერთმანერთსა, დაჴოცნა თავსა ჴელ აუპყრობელად, ზოგსა გადაკრის მათრაჴი, მკერდამდის გასაპობელად.

91. მეფე გასწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭურიტნა, არცა ნახნა, რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკუდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

92. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად. იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად, ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად, შეიგნა მისულა მეფისა მისად უკანა მდეველად.

93. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრაჴი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თუალსა ჩვენსა, გუანდა ქუესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა; ეძებდეს და ვერ პოებდეს კუალსა მისგან წანარბენსა.

94. კუალი ძებნეს და უკუირდა ვერ პოვნა ნაკუალევისა, აგრე კუალ წმიდად წაჴდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს, სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

95. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შუება, ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანაღულება, სიკუდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ უძს განკურნება. მას ვემადლი, ასრე იყო წადილი და მისი ნება”.

96. ესე თქუა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა, არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყუელაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა; ზოგთა თქუეს, თუ: “მართალია”, ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.

97. თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა, ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა, მოლარე იჴმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღუიძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერშეცულილობა.