ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

255. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკუდე და იგი წაჴდეს, ესე შენთუის რა მადლია?”

256. უბრძანა: “დავო, ეგეა მგზავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქუეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ აქუს პოვნა კაცისა, თუით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკუდილი, გაყრა ჴორცთა და სულისა.

257. ღმერთმან ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი სხუამცა რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი, დაო, მივის არასადა”.

258. ქალმან უთხრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რადგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიჴდია”.

259. ყმამან უთხრა: “რას მენუკუი, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! გაღანამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიჴადე”.

260. ქალმან კულავ ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრამ თუ კაცი მოგგუარო, მოგყუეს თავისა ნებითა, იგი გიახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა; ფიცე, არ მოკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”.

261. ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყუარულმან მისმან, ვისთუის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას უზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყუარებ”.

262. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყუანებლად; არ ეწყინაო, უამბობს, არს მისად საგულვანებლად, ჴელი მოკიდა, მოყუანდა, ვით მთუარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქუა მზისა დასაგუანებლად.

263. გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთუარე, უღრუბლოდ შუქთა მოფენდეს ქუე ბარად; რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, ჰგუანდეს შუიდთავე მნათობთა, სხუადმცა რაღა ვთქუა მე და რად!

264. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს, ვარდსა ჴლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭუირდეს; ყელი ყელსა გადააჭუდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

265. მობრუნდეს; ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა; ასმათი სულსა უღებდა, სიტყუითა საკუირველითა: “თავთა ნუ დაჰჴოცთ, ნუ ბნელ-იქთ მზესა თქუენისა ბნელითა”.

266. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსულხარ, სადაური, სით მოსრული მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული”.

267. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყუები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია: მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწუარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

268. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყუარებია; თუით მეფედ მათად მას ხედუენ მონები მკლავ მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია, გახსოვსცა, ოდეს დაჴოცე მონები მკლავ მაგრებია?

269. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩუენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩუენ ჴაფად წაგეკიდენით: გიჴმეთ, არ მოხუელ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა მიდენით.

270. “ყუელაკასა მათრაჴითა თავი უჴრმლოდ გარდაკუეთეთ. მეფე შეჯდა, დაგუეკარგე, კუალი შენი ვერ მოვკუეთეთ; ვითა ქაჯი დაიმალე, მონებიცა დავაფეთეთ; ამან უფრო დაგუაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

271. ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ჴელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს , ვერ გპოვეს, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამამგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია."

272. მიბრძანა: «მიცან ამბავი მის მზისა წარჴდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა». სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკუირს, გავძლე ვერ ჭურეტა მისისა მე ღიმილისა?

273. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; ქურდნი ვნახენ, რომე თქუენთუის სიტყუა რამე გაემკუახა; მათრაჴითა ჩამოგეგდო ერთი, მკუდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ მობრძავი სამე გლახა”.

274. ტარიელსცა მოეგონა ომი მათი მაშინდელი, თქუა თუ: “მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მამეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.