ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

59. “ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმა შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კულავ ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

60. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშუენდა, თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე კითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?”

61. კულავ უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან კადრა:”მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამჴადო კადნიერად, არ ამიკლო ამადზეო”.

62. უბრძანა: “რადმცა ვიწყინო თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყუის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მაკუეხ მშუილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყუისა წყნარისა.

63. “მიწაცა თქუენი ავთანდილ თქუენს წინა მშუილდოსანია; ნაძლევი დავდუათ, მოვასხნეთ მოწმად თქუენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდიღა უკუთქმანია. გარდამწყუეტელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

64. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა. ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა კლებასა, კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩუენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

65. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყუიტეს, იცინოდეს, ყმაწუილობდეს, საყუარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკუნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს!”

66. კულა ბრძანა: ,, მონა თორმეტი შევსხათ ჩუენთანა მარებლად, თორემტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსაჴმარებლად , – ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, ნასროლ ნაკრავსა სთუალვიდეს უტყუვრად, მიუმცდარებლად.”

67. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი მრავალი, თავნი ამისთვს არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნა: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.

68. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ–ბალახშოსანი, პიროქრო რიდე ეხუია, შუენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასულად აწუევდა, მოდგა თეთრ ტაიჭოსანი.

69. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობად გამოვიდეს; მგრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაფარვიდეს, ნაძლევისა მათისათუის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

70. უბრძანეს: “მონა თორმეტი მოდით, ჩუენთანა ვლიდითა, მშუილდსა ფიცხელსა მოგუცემდით, ისარსა მოგუართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთუალვიდითა.” დაიწყო მოსულა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

71. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწვდომელი: ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხტომელი. მას პატრონ ყმანი გაუჴდეს, ჭურეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშუილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

72. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჴოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარი დაელივნის, მონანივე მიართმიდეს. მჴეცნი, მათგან დაკოდილნი, ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს.

73. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჴოცეს და ამოწყუიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს,ნადირთაგან სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

74. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია. იგი მაშურალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მჴნენია.

75. ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ სდგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ყუებოდეს, უბრძანა: “თქუითო მართალი, ჩუენ თქუენგან არა გუთნებოდეს”.

76. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწვეცა დაგუჴოც, ვერა ჰგავ, ვერათ ვერ მოგეჴმარებით, ვისგან ნაკრავი გუინახვან მჴეცნი ვერ წაღმა წარებით.

77. “ორთავე ერთგან მოკლული ყუელაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუჴოცია: არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქუენი მრავალი მიწითა დასურილი გაგუიჴოცია”.

78. მეფესა ესე ამბავი უჩანს, ვით მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქუს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსულა დარდისა.