ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

98. ,,ერთია ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ა მითა თინათინ ბრძანა: ,, აწ წავალ, შესულა არ ჴამს ჟამითა, მიკითხოს, კადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა.“

99. ხანი გამოჴდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე კადრებს: “მოვიდა აწყაღა ფერ ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მამავალიო”.

100. უბრძანა, თუ: “წადი, უჴმე, უმისობა ვით გავძლეო? მოახსენე: «რად დაბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»”.

101. თინათინ ადგა, მივიდა, მიყუა მამისა ნებასა, უგავს პირისა სინათლე მთუარისა მოვანებასა. მამამან გუერდსა დაისვა, აკოცებს ნება ნებასა, უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყუანებასა?”

102. ქალმან ჰკადრა: “ჴელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქუენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამჴობდეს! კაცმან საქმე მოიგუაროს, ვეჭუ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

103. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭურეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია. ვეჭუ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

104. “უცხოსა და საკუირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე, მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთუის კიდე; ჩემად ნახუად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

105. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თუალთა ცრემლნი მოიჴოცნა. შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიჴოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერდცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

106. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

107. ქალმან კადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათუის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექნა კეთილისა შემოქმედსა!

108. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქუენი საზღვარი, ბრძანება მიუთხრობელი. გაგზავნე კაცი, ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობთ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

109. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა, უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა! მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხუად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწუდეთ, ვერ მიხუიდეთა”.

110. კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კულავ და კულა დია, ვერცა თუ ნახეს მნახავი ღმრთისაგან დანაბადია, ცუდად მაშურალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

111. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩუენ ჴმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩუენ ვერას გარგეთ, საქმენი სხუანი რამ მოიგუარენით”.

112. მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო. გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

113. ესე თქუა და სიხარულით თამაშობა ადიადა. მგოსანი და მუშაითი უჴმეს, პოვეს რაცა სადა. დია გასცა საბოძუარი, ყუელა დარბაზს შემოხადა. მისი მგზავსი სიუხვითა ღმერთმან სხუამცა რა დაბადა!

114. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი; მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

115. ავთანდილს მიხუდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცუა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის ნახუა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა, ამაოა ჭურეტა ტურფისა, სიახლე საყუარელისა!

116. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან რცხუენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მგზავსად შუენოდა, მთუარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა.

117. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასის თქმად საჭირონი, შუენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.