ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

138. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ–ბალახშოსანი, პიროქრო რიდე ეხუია, შუენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასულად აწუევდა, მოდგა თეთრ ტაიჭოსანი.

139. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობად გამოვიდეს; მგრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაფარვიდეს, ნაძლევისა მათისათუის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

140. უბრძანეს: “მონა თორმეტი მოდით, ჩუენთანა ვლიდითა, მშუილდსა ფიცხელსა მოგუცემდით, ისარსა მოგუართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთუალვიდითა.” დაიწყო მოსულა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

141. როსტან უბრძანა მომჴრეთა, თუითან აქავე დგებოდა; მუნთ ფიცხლადვე წავიდეს, ურჩობა არ ეგებოდა; მოვიდა ჯოგი, ისრისა სხუათ ტყორცნა ვერ ერგებოდა, მათ პატრონ ყმისა ნასროლი უცთურად დაეგებოდა.

142. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწვდომელი: ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხტომელი. მას პატრონ ყმანი გაუჴდეს, ჭურეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშუილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

143. მას პატრონ ყმანი გაუჴდეს, საჭურეტლად უნდა გორიო; მას დღესა მოკლა ავთანდილ, დავსთუალეთ ას და ორიო; ისრითა ეტლსა დააბამს, არ უჩანს მისი სწორიო, ვისმცა დასცდების ლაჴუარი, ახლოს არს თუნდა შორიო.

144. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჴოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარი დაელივნის, მონანივე მიართმიდეს. მჴეცნი, მათგან დაკოდილნი, ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს.

145. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჴოცეს და ამოწყუიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს,ნადირთაგან სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

146. დაუწყეს პყრობა ნადირთა, სროლა არ დავიწყებოდა; დაჴოცილითა მათითა ქუეყანა აივსებოდა; მათ მკუდართა სისხლნი დინდიან, კლდე და ღრე იწებებოდა, მათთა მნახავთა კულა ნახუა მათივე ენატრებოდა.

147. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია. იგი მაშურალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მჴნენია.

148. რა მოირივნა დღემ ღამეს და გუმბათსა მზე მოვიდა, დაჴოცილთა სისხლნი სდინან, ქუეყანასა შეღებვიდა. თქუეს, ავთანდილ აჯობაო, მისად ჭურეტად ჯარი ვიდა, ყოვლგნით ალყა დაიშალა, ოთხთ კიდეთა ჴმა გავიდა.

149. ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ სდგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ყუებოდეს, უბრძანა: “თქუითო მართალი, ჩუენ თქუენგან არა გუთნებოდეს”.

150. იგი მეისრე მონანი მეფეს წინ მოეგებოდა; კითხავს გაზრდილის ამბავსა, სიცილით ეუბნებოდა, კითხეს: “ ვეჭუთ, მისი ნასროლი მზესაცა ეკუირვებოდა; რასაცა ოდენ შესტყორცნა, დაცთენა არ ეგებოდა.“

151. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწვეცა დაგუჴოც, ვერა ჰგავ, ვერათ ვერ მოგეჴმარებით, ვისგან ნაკრავი გუინახვან მჴეცნი ვერ წაღმა წარებით.

152. მონათა ჰკადრეს: “ მეფეო, ვერ მოგახსენეთ რიდითა; ლომსა ავთანდილს უფროსი მოუკლავს ოცდაშვიდითა; თქუენი ნაკრავი წავიდის, ყუელასა ვერ მოკულიდითა, სისხლისა მივკულევდით, მივსდევდით, დასაწყისამდის ვლიდითა.“

153. “ორთავე ერთგან მოკლული ყუელაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუჴოცია: არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქუენი მრავალი მიწითა დასურილი გაგუიჴოცია”.

154. მეფე თავისა სიჯაბნეს ცხენს აბრალობს:” არა რბოდა,“ შენი ცხენი კარგად რბოდა, მუნით ფიცხლად მიმასწრობდა. იგი ეტყუის: “ დაგაჭარბე“, და მეფეცა იკუირობდა, ქება უთხრა უსაზომო, საბოძუარიც მისკენ რბოდა.

155. მეფესა ესე ამბავი უჩანს, ვით მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქუს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსულა დარდისა.

156. იგი ორნივე საგრილად გარდაჴდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმჴნესი სხუათა მჴნეთასა. თამაშობდეს და უჭურეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

157. აქა ჩადის წყალი რამე, პირსა ხე უთქს ამოსრული; ხეთა ძირსა ლომი იჯდა, ტანად ალვა, ჯავარ სრული; ტანსა ეცუა ვეფხის ტყავი, წამს არ მისცის თუალთა რული; სხუა სეუდასა შეევიწრა და შეექნა დანასრული.