ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

20. ამბავი წურილად უამბოს, ზე სადმე არა წასთუალოს; ყოვლსა კაცსა ამატებდეს, ჭირსა თავი არ აკრძალოს; ლექს ქართული აღარიბოს, საუბარი გაასრულოს, ნახოს კარგმან გამგონემან, არა სადა არ აბრალოს.

21. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად; ჩუენ მათიცა გუიამების, რაცა ოდენ თქუან ნათელად.– მოშაირე არა ქუიან, ვერას იტყუის ვინცა გრძელად.

22. მე გიამბობ, ვინცა იყუნეთ ხელობისა მოძებარი; სხუასა ყოვლგნით მოეშვენით სოფლის ლხინად იგი კმარი; მათად საქმე ვერ ვამგზავსე, ვითა სმასა მეომარი ვისთა თუალთა ყოვლი თემი ერთად უჩანს, იგივ არი.

23. ჴამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთუის ჴელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, ყუელას მისთუის მუსიკობდეს.

24. ჩემი აწ ცანით ყუელამან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ეს მიჩანს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქუემორე მითქუამს, მიქია.

25. ვთქუა მიჯნურობა პირველი და ტომი გუართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მამცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობაცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

26. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუიანნი ვერ მიხუდებიან, ენა დაშურების, მსმენლისა ყურნიმცა დავალდებიან; ვთქუენ ხელობანი ქუენანი, რომელნი ჴორცთა ხუდებიან; მართ მასვე ბაძავენ, თუ ოდეს არ სიძუენ, შორით ბნდებიან

27. მიჯნური შმაგსა გუიქუიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიჴვდომისა წყენითა; ზოგთა აქუს საღმრთო სიახლე, დაშურების აღმაფრენითა, კულა ზოგთა ქუე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

28. მიჯნურსა თუალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა. ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

29. ვის ეს ყუელა არა სჭირან არვინ დასთულის მიჯნურთ თანა, შექცევასა მოეშოროს, მათთუის იხოს გულსა დანა, მისი კერძი ყუელგნით დაწუას ვარდი აზროს, ნამოს დანა ვინცა ესე არ მისმინოს, ვერა ირგოს ვერსით მანა.

30. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გუარი; მიჯნურობა სხუა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხუაა, სიძვა სხუაა, შუა უზის დიდი მზღუარი, ნუვინ გარევთ ერთმანერთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

31. ჴამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოშორდეს მოყუარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხუდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულო სიყუარული, ხუევნა, კოცნა, მტლაშა მტლუში.

32. მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს, ნურცა ლხინსა აუზვავდეს, ნურცა ჭირსა შეუზავდეს: მისთუის დასთმოს ყუელაკაი, მისთუის ველთა გამოვარდეს, ნურა გავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.

33. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხუალე სხუა, სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა

34. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა, მალვა, თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით ალვა, შორით დაგვა, დასთმოს წყრომა მოყურისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

35. ჴამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად ჰაჲ ჰაჲ-ს ზმიდეს, მოყუარესა აყივნებდეს, არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს მისთუის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთუის ცეცხლსა მოიდებდეს.

36. გაასწავლნე სურვილითა, ვინცა იწუით ვისგან ვინა; კულავ ქებანი ვკადრენ ვისმე არვის უთქმან ჩემგან წინა; ისპად მოსომახოს მგზავსი არ დავაცდენ ვისცა მინა მისთუის ვლექსობ სიტურფითა ვინ შუქთა ფენს ჴმელთა შინა

37. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყუარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თუითანც ივნოს, რითამცაღა ასახელოს, რა სიტყუითა მოაყივნოს რა ჰგავა, თუ მოყუარესა კაცმან გული არ ატკივნოს.

38. მიკუირს, კაცი რად იფერებს საყუარლისა სიყუარულსა: ვინცა უყუარს, რად აყივნებს მისთუის მკუდარი, მისთუის წყლულსა! თუ არ უყუარს, რად არა სძულს, რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყუა ურჩევნია სულსა, გულსა.

39. თუ მოყუარე მოყურისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა შუენის, გაჭრად დაეთულების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლების.