ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

98. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი, აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი. ხარმცა ბრძნად მქნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.

99. მერმე მოვიდნეს ლაშქარნი მის მზისა დამლოცველია, რომე აივსო სრულობით მინდორი მთა და ველია. პირველად წადგა ავთანდილ, სოგრატ მასთანა მვლელია გარდაყრეს გუარი; თქუა: ნიჩბით დასაგველია.

100. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წურილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების, უხუი აჴსნილთა დააბამს, იგი თუით ების, ვინ ების. უხუად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

101. გმირნი, საამ, ზაალ, როსტომ, აიოზ და სალიმ, თურა, ვერც,მათ იპყრეს ეს სოფელი, დაემართა, იცი, თუ რა! დაიჭიროს კარგი საქმე, ჴელთა ჰქონდეს ვითა თურა, ვერ იგმოს მოყურისაგან, ათქმევინოს, რა ქნა თუ რა.

102. “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია: უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემთ, შენია; რაც არა – დაკარგულია!”

103. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა,წურთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

104. აწ ნახეთ მეფე თინათინ და მისთა შუქთა შუქობა! რომე მისებრივ სიუხვე ბუქსა თუ ჰქონდა ბუქობა, მართ იმა დღისა მნახავსა არსად ეთქმოდა უქობა, მასცა ზარქაში ემოსა, ვის ჰქონდა მებალდუქობა.

105. რა გადიდდა ნადიმობა, დაატკბობდეს ჩანგი ჴმასა; მათ ტურფათ სანახავად ჯარი მოდგის ბანის ბანსა: ბულბული და იადონი იზახოდეს მულღანზარსა,– თავის მსუმელთა დავლიოთო, ძალი მისცეს ღუინის სმასა.

106. მოიჴმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყუელაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს; გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

107. მას დღე გასცემს ყუელაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა”.

108. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს; გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ხუეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

109. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქუენაბამსა, ნასუქალსა, რომე გუანდა სიუხუითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

110. მის ჯარისა სიხარული მე გიამბო ამად კიდა! რა გარდაჴდა ოდენ ჭამა, ჴელმწიფემან თავი ჰკიდა; ავთანდილ და სოგრატ კუირან, ნეტარ რა, ვთქუათ, წაეკიდა? საჭურჭლეთა გარდაგება დაუმძიმდა მეტად კიდა?

111. დღე ერთ გარდაჴდა. პურობა, სმა ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?” შექნეს ამისი ცილობა.

112. თავსა ზის პირმზე ავთანდილ, მჭურეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია, ვაზირი ბერი სოგრატი თუით მასთანავე მჯდომია, თქუეს თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი კრთომია?”

113. თქუეს თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თუარა აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქმნილა”. ავთანდილ თქუა: “სოგრატ, ვკითხოთ, გუითხრას, რაცა შეგუეცილა ვკადროთ რამე სალაღობო, რასათუისმცა გაგუაწბილა.

114. თინათინს ჰკადრეს იდუმალ: მეფეს რაცაღა სწყენიან, ჩუენვე ვაწყინეთ, ვიშიშვით და ამად დიდად გურცხვენიან. თუ ბრძანეთ, ვკითხავთ, რა უმძიმს, შუქი მზებრ აღარ ფენიან, ბრძანა: “ კითხოს ვაზირმან, ტურფა სიტყუამან ენიან.

115. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თუითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუჴლმოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბარითა:

116. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წაჴდა საჭურჭლე თქუენი მძიმე და ძვირიო, ყუელასა გასცემს ასული თქუენი საბოძვარ ხშირიო; ყოლემცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

117. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკუირდა, ვით მკადრაო, ან სიტყუანი ვით გაბედნა. “კარგა ჰქენო”, დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა; ჩემი ზრახუა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა.