ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

277. მისი ცეცხლი გულსა ჩემსა მამდებია, დამდებია; მას ერთსაცა ვერ გაუტეხ, რაცა მიიმედებია; შენგან კიდე არა მივის, ძმები, არცა მე დებია, იმოქმედე დღეთა შენთა, რაცა გიმოქმედებია.“

278. “ვისმცა უთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ ქნას კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა, კულა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

279. ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი; წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

280. დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამაზედა გამოცდილნო, თქუენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

281. “მიწაცა თქუენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თუით ვიქმ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

282. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახუეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთუის, ვარ თქუენი შემომხვეწელი, მე დამახუედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

283. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად ნაცულად პატრონობდეს, სიკუდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა არა, არ აჭკნობდეს, შემცოდესა ყუელაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

284. “თქუენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

285. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყუა ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

286. ბრძანა: “წადით ყუელაკაი, აქა მომჴრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკულელი თინათინ ა.

287. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახუილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა, მისგან ტუირთი კაეშნისა ტუირთად ვარგად აეკიდა.

288. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითუალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცუალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

289. ღმერთი, ლომო, შენად ნაცულად სხუასა ვისმცა დანერგვიდეს!” დარბოდეს და სხუაგნით სხუათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს.

290. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩუენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს, ყოველი დარჩა გულ დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

291. შერმადინ უთხრა:” მართლ ხართ, თუ ცრემლსა თუალთათ დამილდეთ; მაგრა გიჯობს, რომე მისსა ბრძანებასა დავმორჩილდეთ, არა გავრყუნათ სამსახური, მას წინაშე არ დავსწბილდეთ, ცხადად გუიჩნდეს სიხარული, სიმძიმილსა გარდავსცილდეთ.“

292. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩუენ უმისოდ გუეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა! განაღამცა გმორჩილობდით, თუ გუიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყუელაკამან თაყუანი სცა.

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

293. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს. ვის ბალახში არა გუანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

294. ტარიას ძებნად ავთანდილ მივა თეთრისა ცხენითა; მას რომ შეკაზმა უხდების, ვინძი ვთქუათ ქება ენითა; ხელს ეძებს თუითცა ხელქმნილი მარტო ცრემლისა დენითა, გულსა სჭირს შავნი წამწამნი იგ ზედა ზედა ძგერითა