ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

177. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად. მან, იგინი, გლახ დაჴადნა მტერთაცა საწყალობელად: კრა ერთმანერთსა, დაჴოცნა თავსა ჴელ აუპყრობელად, ზოგსა გადაკრის მათრაჴი, მკერდამდის გასაპობელად.

178. მეფეს უანბეს, რაც იქნა საქმე თავს დანატკაცისა, ეგრე უწყალოდ დაჴოცა ერთობ მის თორმეტ კაცისა; შორით ისმოდა ყოველგნით მისის მათრაჴის ტკაცისა, ვნახეთ მრავალი უწყალოდ მიწათა დანატკაცისა

179. შეუპყრივარ კაეშანსა, რადღა გამჴსნი მისგან კრულსა, ესე მონა დაგიჴოცე, მოგაბარებ ამათს სულსა, სრულად სპანი მომიზახნე, ვერა მნახავ დაჭირულსა; მიჯნური ვარ, გამირისხდი, მე გატკივნებ ამით გულსა.“

180. მეფე გასწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭურიტნა, არცა ნახნა, რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკუდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

181. ვისთუის ხელი გამოჭრილვარ, მასვე მზესა თაყუანი ვსცე; რამ დამბადა, მუნით ვეძებ, სად მისწუთების მისი სივრცე; ჩემი მდევნი ნიანგნიცა იყოს, იგიც ჭირსა მივსცე, სხუამან ფიფქმან ვერ დამაზროს, მის მზისა მზე დავიფიცე.

182. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად. იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად, ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად, შეიგნა მისულა მეფისა მისად უკანა მდეველად.

183. მეფე შეჯდა, გაეკიდა, რა კაცია, სადაური, მან ცნა, ფიცხლად გარდაეგო, მეფეაო აქა მდგური; ვერ შეიპყრობთ, მიჯნურია, კაეშნითა ატუირთური, ეძებს რასმე, იარების, მაშრიყს მივა მაღრიბური.

184. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრაჴი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თუალსა ჩვენსა, გუანდა ქუესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა; ეძებდეს და ვერ პოებდეს კუალსა მისგან წანარბენსა.

185. ვერ შეიპყრეს, შემობრუნდეს, არ მიეცნეს სიამესა; აგრე მისსა გაფრენასა ყოვლნი არსნი გაკუირდესა; მეფე წყრების, არ მიუშვებს კაცსა მისსა სიახლესა; იგი ლხინი გაგუემწარნეს, შეჭირვება მოგუცა დღესა.

186. კუალი ძებნეს და უკუირდა ვერ პოვნა ნაკუალევისა, აგრე კუალ წმიდად წაჴდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს, სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

187. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შუება, ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანაღულება, სიკუდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ უძს განკურნება. მას ვემადლი, ასრე იყო წადილი და მისი ნება”.

188. ესე თქუა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა, არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყუელაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა; ზოგთა თქუეს, თუ: “მართალია”, ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.

189. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეყუა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

190. თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა, ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა, მოლარე იჴმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღუიძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერშეცულილობა.

191. “ერთია ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ა მითა თინათინ ბრძანა: “ აწ წავალ, შესულა არ ჴამს ჟამითა, მიკითხოს, კადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა.“

192. ავთანდილცა შეუზარდა და თხრობასა დაუპირდა; ნუ იჭირვით, მოახსენა: – ჴელმწიფესა გაუკვირდა – მუხთალია ეს სოფელი, შურს და ლხინი დაგუიძვირდა, მისსა მზესა შეუთუალა, ჴელმწიფესა რაცა სჭირდა.

193. ხანი გამოჴდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე კადრებს: “მოვიდა აწყაღა ფერ ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მამავალიო”.

194. უბრძანა, თუ: “წადი, უჴმე, უმისობა ვით გავძლეო? მოახსენე: “რად დაბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო”.

195. თინათინ ადგა, მივიდა, მიყუა მამისა ნებასა, უგავს პირისა სინათლე მთუარისა მოვანებასა. მამამან გუერდსა დაისვა, აკოცებს ნება ნებასა, უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყუანებასა?”

196. ქალმან ჰკადრა: “ჴელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქუენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამჴობდეს! კაცმან საქმე მოიგუაროს, ვეჭუ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.