ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

217. მეფე ადგა მუჴლ მოყრილმან შემოქმედსა თაყუანი სცა; მრავალ გუარი სასმელები მეღუინეთა ჴელთა მისცა; მუჴლ მოყრილი ვადიდებდეთ, დაგვაჯერა რაცა ვისცა, ამად ნურას ვეაჯებით, შეგუაცილოს სხუასა ვისცა.

218. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი; მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

219. ჩანგსა კრავს პირ-მზე ავთანდილ, საწოლს ზის პერანგოსანი; იგ ხელობს, ვითა ბულბული,ვარდზედ მღერს, ვითა მგოსანი; მას ტანსა მჴნესა ჩაიცუა ტურფა რამ შესამოსანი, იგ შეყრად მზესა პატიჟობს ზანგი პირ შავი, თმოსანი.

220. ავთანდილს მიხუდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცუა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის ნახუა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა, ამაოა ჭურეტა ტურფისა, სიახლე საყუარელისა!

221. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან რცხუენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მგზავსად შუენოდა, მთუარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა.

222. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასის თქმად საჭირონი, შუენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

223. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა, ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშუიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა. პირის პირ პირსა უჭურეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

224. ქალმა უბრძანა: “ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა; მწადდა არა თქმა, რომლისა ღონე არა მაქუს თმობისა, მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ჴმობისა, რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიჴდილი ცნობისა?”

225. ავთანდილ კადრა ; “მეფეო, ბრძანე, რაცა გწადდებოდეს, ვეჭობ რომ თქუენი სიტყუითა ზღუას ცეცხლი მოედებოდეს, თუარ ქვეყნად რაცა მოგინდეს, არ ქნა, ვით მოგინდებოდეს? სასამსახუროდ ჭირსა და სასჯელსა ვინმც ერიდებოდე!

226. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთუარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭკნების; აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, თქუენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკგონების

227. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყუა არ დუხჭირად; იტყუის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, მიკუირს, მოგხუდა წამის ყოფით საქმე შენგან სახე ჭირად, მაგრა გითხრა პირველ ხუალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

228. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცი დაგეჴოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეჴოცა, მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამჴოცა, შენ გენუკუი მონახვასა, კიდით კიდე მოლაჴო ცა.

229. “აქანამდის ნაუბნარსა თუცა ვერას ვერ გეტყუია, მაგრა შორით სიყუარული შენგან ჩემი შემიტყუია, ვიცი, რომე გაუწყუეტლად თუალთა ღაწვი გისეტყუია, შეუპყრიხარ სიყუარულსა, გული შენი დაუტყუია.

230. ქალმან უთხრა: “ რაცა მინდა, არ ეგების არა მბობა; პირველ დაგდებ სამსახურსა, გაგიჩნდების ჯომარდობა; ნამუსი და ჭკუათა ხლათვა, ვნახო შენი ნაზარდობა, შემობრუნდე, ედემს მგზავსად აგიყუავდეს შენ ვარდობა.“

231. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ჴორციელი არავინ გუყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად; წადი იგი, მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

232. იგი კაცი შუენიერი ჴმელთა იყოს, გნუკევ პოვნად; კიდის კიდე მოიარე, ამაყურად, შეუპოვნად. მზისა შუქი მოგეფინოს, ვერვინ ჴელყოს დასათოვნად, სცან მის ყმისა ყოფა სადმე, ფიცხლად მოდი, დაუყოვნად.“

233. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამჴსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე, გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე, მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

234. “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი; პოო, მოდი გამარჯუებით, მხიარულად მოუბარი; ვერა პოებ, დავიჯერებ, იყო თურმე უჩინარი; კოკობი და დაუფურჭვნელი ვარდი დაგხუდე არ დამჭკნარი.

235. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მამხუდეს ჴორციელი, ჩემთუის კაცად შენაქმარი, სრულად მოვწყდე სამოთხესა, ქუესკნელს ვიყო დასანთქმარი, შენი მკლევდის სიყუარული, გულსა დანა ასაქმარი”.

236. მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, სხუა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე, მე სიკუდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავეწამე.