ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი, ამო და სასმენელად შუენიერი სწავლისათუის მოშაირეთასა ტარიელისა და ნესტანდარეჯანისა, რომელსა ვეფხის ტყაოსნობით უჴმობენ.

40. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყუნა ზეცით მონაბერითა, ჩუენ, კაცთა, მოგუცა ქუეყანა, გუაქუს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა.

41. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკუდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

42. ვის ჰშვენის, ლომსა, ჴმარება შუბისა, ფარ შიმშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწუ ბალახშ, თმა გიშერისა, მას არა ვიცი, შევკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა, ვისთა მჭურეტელთა ყანდისა მირთმა ჴამს, მართ, მშიერისა.

43. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული, ვთქუენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული. მელნად ვიჴმარე გიშრის ტბა და კალმად - მინა რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახუარი გულსა ხეული.

44. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა, ბროლ ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქუასაცა მაგარსა გვრდემლი ტყუვისა ლბილისა.

45. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ჴელოვანება, ძალი მამეც და შეწევნა შენგნით მაქუს, მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ჴსენება, მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

46. მო, დავსხდეთ, ტარიელისთუის ცრემლი გუდის შეუშრობელი; მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი! დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთუის გულს ლაჴუარ-სობილი, აქამდის ამბად ნათქუამი, აწ მარგალიტი წყობილი.

47. მიჯნურსა თუალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა. ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

48. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გუარი; მიჯნურობა სხუა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხუაა, სიძვა სხუაა, შუა უზის დიდი მზღუარი, ნუვინ გარევთ ერთმანერთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

49. ჴამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოშორდეს მოყუარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხუდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულო სიყუარული, ხუევნა, კოცნა, მტლაშა მტლუში.

50. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხუალე სხუა, სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა

51. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა, მალვა, თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით ალვა, შორით დაგვა, დასთმოს წყრომა მოყურისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

52. ჴამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად ჰაჲ ჰაჲ-ს ზმიდეს, მოყუარესა აყივნებდეს, არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს მისთუის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთუის ცეცხლსა მოიდებდეს.

53. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყუარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თუითანც ივნოს, რითამცაღა ასახელოს, რა სიტყუითა მოაყივნოს რა ჰგავა, თუ მოყუარესა კაცმან გული არ ატკივნოს.

54. ტარიელს კარგსა მოყმესა, მკლავ მაგარსა ძალიანსა, პირად ვარდსა, ტან საროსა, გული მისი რკინიანსა, უხუს უშურველსა, გამცემსა ტკბილ საუბარსა წყლიანსა მით ქება ნესტან დარეჯანს რათ ეთქმის პირად მზიანსა.

55. მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთუის ვხელობ, მისთუის მკუდარი; დაუძლურდი, მიჯნურთათუის კულავ წამალი არსით არი: ანუ მაგუცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

56. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ჴელის ჴელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქუი, საქმე ვქენ საჭოჭმანები, მისმან ხელ-მქმნელმან დამმრთოს ლაღმან და ლამაზმან ნები

57. თუალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჴდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ! ჴორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა.

58. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კულა მიჯნურსა მიჯნურობა უყუარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხუასა უწუნობდეს.