ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

197. იგი პირმზე ეუბნების, ვერვინ ნახა ნაუბარი, მიცემულხარ ჭირს რასმე, ცრემლთა აფრქუევ გულმდუღარი; ზოგჯერ შეთად გაიძახი, ჰგავს, ატყინებს ცეცხლსა ქარი, მეჯლიშითა გავიახლოთ, ესე სევდა რამე არი.“

198. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭურეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია. ვეჭუ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

199. “უცხოსა და საკუირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე, მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთუის კიდე; ჩემად ნახუად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

200. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თუალთა ცრემლნი მოიჴოცნა. შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიჴოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერდცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

201. აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე დარული; მან დამიჴოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღუარული; კაცთა ჴორცისად ვით ითქუმის ისრე თუალთაგან ფარული? უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

202. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

203. ქალმან კადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათუის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექნა კეთილისა შემოქმედსა!

204. მაგას ნუ ბრძანებ მეფეო, ეგე კულა ბედნიერია, ყოვლი ქუეყანა შეიპყარ, ფერჴთ ქუეშე მოამტუერია, მოგჩუენებია გრძნეულად მუჴთალი შენი მტერია, ეგრე არა ჴამს, სიტყუასა გკადრე და დამიჯერია.

205. თუ ცუდი რამე გინახავს, მაცთური ანუ ქაჯია, ამისთუის, მეფევ რად სჭმუნავ, ანუ რად გაგისაჯია? სიტკბოსა ნაცულად ღმრთისაგან სიმწარე რად გიაჯია მასვე ევედრე, მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია.“

206. იგი პირმზე მოახსენებს: “ მაგად ნურა გენაღულების; კაცი იყო ჴორციელი, მოვნახოთ და გამოჩნდების; ნუ გიმძიმს და თუარემ შენი სიმძიმილი მე მამჴუდების, რად დააჭკნობ ყაყაჩოსა, უშენობა არა შუნდების.

207. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქუენი საზღვარი, ბრძანება მიუთხრობელი. გაგზავნე კაცი, ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობთ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

208. თუ ყოფილა იგი მოყმე ჴორციელი, ჴმელთა მვლელად, მას ნახუიდა სხუაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად; თუარემ ეშმა გჩუენებია ლხინთა შენთა შეცამშლელად სევდისაგან მოიცალე, რად შექმნილხართ მოუცლელად.

209. არას გუარგებს სიმძიმილი, უსარგებლოდ ცრემლთა ღურიდეთ; თუ გავიჭრათ საძებარად, მოვიაროთ კიდით კიდე, სჯობს, რომ მასვე შემოქმედსა ვიაჯნეთ და დავმორჩილდეთ, კლიტე გაჴსენ მაჯლიშისა, ლხინი ლხინზე ჩამოკიდეთ.

210. როსტან სიტყუა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა; პირი ჴელთა დაუჭირა, გარდაკოცნა კულა და კულაცა; უბრძანა, თუ: “ დაგმორჩილდე, რაცა მითხრა, აგრე ვქნაცა, იგივეა მჴსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა.“

211. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა, უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა! მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხუად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწუდეთ, ვერ მიხუიდეთა”.

212. კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კულავ და კულა დია, ვერცა თუ ნახეს მნახავი ღმრთისაგან დანაბადია, ცუდად მაშურალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

213. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩუენ ჴმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩუენ ვერას გარგეთ, საქმენი სხუანი რამ მოიგუარენით”.

214. მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო. გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

215. ესე თქუა და სიხარულით თამაშობა ადიადა. მგოსანი და მუშაითი უჴმეს, პოვეს რაცა სადა. დია გასცა საბოძუარი, ყუელა დარბაზს შემოხადა. მისი მგზავსი სიუხვითა ღმერთმან სხუამცა რა დაბადა!

216. მეფე დაამდა ქალისა სიტყუითა ლმობიერითა, მაგრა თინათინ დაჭმუნდა გულითა გონიერითა; სწადდა შეტყობა, რომლისა ნახეს თუალცრემლიერითა, ღონედ მონახა ტანსარო პირითა შუენიერითა